იტალიაში ტურისტების მონაცემები აპარტამენტში შესახლებისას პოლიციას გადაეცემა

იტალიაში ტურისტები, რომლებიც სერვის Airbnb-ისა ან Booking.com-ის საშუალებით ქირაობენ ბინებს, დამოუკიდებლად შესახლებას ვეღარ შეძლებენ და მათ საცხოვრებლის მფლობელები პირადად უნდა შეხვდნენ.

ინფორმაციას Euronews Travel ავრცელებს.

კერძოდ, საცხოვრებლის მფლობელებს მოეთხოვებათ, ვინაობის დასადასტურებლად და რეგისტრაციის პროცედურის განსახორციელებლად ტურისტებს პირადად შეხვდნენ და რეგისტრაციიდან 24 საათის განმავლობაში სტუმრების პირადი მონაცემები, ასევე, მათი საბუთების ასლები პოლიციაში გაგზავნონ.

იტალიის ხელისუფლებამ, ადგილობრივი მოსახლეობის მასობრივი პროტესტის ფონზე, გასაღებების ყუთები (key lock boxes) აკრძალა, რომლებშიც მეიჯარეები სტუმრებს აპარტამენტის გასაღებს დამოუკიდებლად შესახლებისთვის უტოვებდნენ.

დიდ ქალაქებში, როგორიც რომი, ფლორენცია და მილანია, საქმე იქამდეც მივიდა, რომ მოქალაქეებმა მფლობელების მიერ საკუთარი სახლის შესასვლელთან განთავსებული ასეთი ყუთები დაანგრიეს.

შესაბამისი აკრძალვა მიმდინარე წლის 18 ნოემბერს შევიდა ძალაში, თუმცა პოლიციამ და ადგილობრივმა ხელისუფლებამ გაქირავების პლატფორმის ინოვაციის შესახებ ქონების მფლობელების ინფორმირება მხოლოდ ახლა დაიწყო.

იტალიის შინაგან საქმეთა სამინისტრო განმარტავს, რომ ეს ღონისძიება შემოღებულ იქნა „საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოებისთვის საშიში ადამიანების, ასევე, კრიმინალურ ან ტერორისტულ ორგანიზაციებთან დაკავშირებულ პირთა შესაძლო განსახლების თავიდან ასაცილებლად.“

ამასთან, იტალიის დედაქალაქ რომის მერი, რობერტო გოლიე აკრძალვას მიესალმა და მას “საკეტებისა და ყუთების დასასრული” უწოდა, რომლებიც ქალაქის ქუჩებს ამახინჯებს და უსაფრთხოების ადეკვატურ შემოწმებას ხელს უშლის.” მერი დასძენს, რომ ყველა ასეთი მოწყობილობის ამოსაღებად “ჩარევის შესაბამისი მეთოდების” გამოყენებას აპირებს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ