თბილისის მერია შობა-ახალი წლის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩასატარებლად 8 576 967 ლარის შესყიდვაზე თანხმობას ითხოვს. შესაბამისი ინფორმაცია შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა.
როგორც სატენდერო დოკუმენტებში ვნახულობთ, აღნიშნული ღონისძიებების ჩატარების ვადები 13 დეკემბრიდან 15 იანვრის ჩათვლით არის გაწერილი.
რაც შეეხება კონკრეტულ გეგმას, თბილისის მერიის ინფორმაციით, ორბელიანის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე (მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორია, გიორგი ათონელის ქუჩა, იტალიის ქუჩა, ხაზინის ქუჩა, ფხოვის ქუჩა, ანტონ ფურცელაძის ქუჩა) მშრალ ხიდზე, დედაენის ბაღში და „იუსტიციის სახლის“ ავტოსადგომის მიმდებარე ტერიტორიაზე ,,საახალწლო ქალაქის“ მოეწყობა და მრავალფეროვანი გასართობი/სანახაობრივი ღონისძიებები გაიმართება.
„ქალაქის მოსახლეობის და თბილისის სტუმრებისთვის მოწყობილი საახალწლო სივრცეები საინტერესო წარმოდგენა-პერფორმანსებით, კულტურული, სპორტული, საგანმანათლებლო, საბავშვო, სხვადასხვა თემატური აქტივობებით და განსხვავებული ჟანრის კონცერტებით დაიტვირთება. ღონისძიებების პროგრამა 2024 წლის 6 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე (შოთა რუსთაველის გამზირი) ცენტრალური ნაძვის ხის ანთების ცერემონიით გაიხსნება“,- ნათქვამია დოკუმენტში.
მერიის ინფორამციით, აღნიშნულ ლოკაციებზე განთავსდება მოცულობითი დეკორაცია/ინსტალაცია, თემატური მორთულობები, ფოტოზონა, დეკორირებული ჯიხურები და დახლები, თაღები, დეკორირებული ნაძვის ხეები, საციგურაო ყინულის მოედანი და ა.შ.
„ხიდის, ქუჩების და ფასადების თემატური მორთულობები, საბავშვო-საგამოფენო პავილიონები, მრავალფეროვანი დეკორაცია/ბუტაფორია/რეკვიზიტი, ავეჯი საბავშვო სივრცისთვის, კულტურული, სპორტული და მოსასვენებელი სივრცეები, თოვლის ბაბუას (სანტას სახლი) და სახელოსნო. გაიმართება საახალწლო სოფლის გახსნის ღონისძიება, სხვადასხვა ჟანრის კონცერტები, ელექტრონული ლაივ შოუები, თეატრალური წარმოდგენა-პერფორმანსები. მოეწყობა მრავალფეროვანი კულტურული, სპორტული, საგანმანათლებლო და საბავშვო-გასართობი აქტივობები, ღია კინოთეატრი, ზღაპრის გმირების მსვლელობა, ღონისძიებაზე მისულ დამთვალიერებლებს დახვდებათ თოვლის ბაბუა (სანტა) დამხმარე მსახიობებთან ერთად. ღონისძიებების ფარგლებში მოეწყობა ,,ტკბილეულის ფესტივალი“, გამოფენა-გაყიდვა ,,თბილისის საშობაო ბაზარი“, რომლის ფარგლებში გაიმართება ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, მოეწყობა ტკბილეულის და კვების სივრცეები, გასტრონომიული ზონები, რაც კომპლექსურად გულისხმობს გასტრონომიული ინდუსტრიის ხელშეწყობას, ადგილობრივი მცირე და საშუალო ზომის ფიზიკური და იურიდიული პირების საქმიანობის მხარდაჭერას და პოპულარიზაციას. ღონისძიებების ფარგლებში 2024 წლის 31 დეკემბერს, პირველი რესპუბლიკის მოედანზე ჩატარდება საახალწლო გალა კონცერტი“,- ვკითხულობთ დოკუმენტში, სადაც აღნიშნულია, რომ ღონისძიებები ღია ცის ქვეშ ტარდება და დასწრება ყველა მსურველისათვის თავისუფალი იქნება.
„ახალი წლისადმი მიძღვნილი მრავალფეროვანი ღონისძიებები წარუშლელ შთაბეჭდილებას დატოვებს, როგორც დედაქალაქის მცხოვრებლებზე, ასევე უცხოელ სტუმრებზე.
აღნიშნული ღონისძიებები მაღალი სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობისაა და მისი სრულყოფილად ჩატარება ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი სოციალური, კულტურული და სხვა საჯარო მიზნების მიღწევას ემსახურება“,- ნათქვამია დოკუმენტში.