სფეროს ექსპერტები სულ უფრო ხშირად საუბრობენ იმის შესახებ, რომ საქართველოდან კადრების გადინება მოხდა, მათი ნაწილი კი უცხოელმა მუშახელმა ჩაანაცვლა. ნაწილი აღნიშნავს, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ საქართველოში ჩამოსული რუსეთის მოქალაქეების ნაწილმა საქართველოდან ემიგრაციაში წასული კადრები ჩაანაცვლეს.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რამდენად მოსალოდნელია, რომ ქართველი დასაქმებულები უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა მეტად ჩაანაცვლონ. პროფკავშირ „სოლიდარობის ქსელის“ გამგეობის წევრმა რევაზ კარანაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ კადრების ჩანაცვლება მოსალოდნელია, თუმცა არა რუსეთის მოქალაქეებით, არამედ ახლო აღმოსავლეთიდან წამოსული მიგრანტებით.
„ვფიქრობ, რომ რუსებით ქართველი მუშახელის ჩანაცვლება ნაკლებად სავარაუდოა, კომპანიები ძირითადად ექსპლუატაციას უწევენ აზიიდან ჩამოსულ მიგრანტებს, უმეტესად ინდოელ სტუდენტებს, რადგან ქართველები აღარ თანხმდებიან იმ პირობებზე დასაქმებას, რასაც ეს კომპანიები სთავაზობენ კადრებს. ძირითადად ეს ეხება მიწოდების კომპანიებს.
უცხოელ სტუდენტებზე შრომის კოდექსით არ ვრცელდება ის შრომითი პირობები, რაც საქართველოს მოქალაქეების მიმართაა. კომპანიები ასაქმებენ უცხოელ კადრებს, ეს დასაქმება ხშირად არის ლეგალური, თუმცა მულტინაციონალური მილიარდიანი კომპანია გეუბნება, რომ შენ, ემიგრანტი სტუდენტი და თავად კომპანია, ბიზნესპარტნიორები ხართ და აქედან გამომდინარე, არ გიდებენ შრომით ხელშეკრულებას, რაც თავიდან აცილებს დასაქმებულს პროფკავშირებით დაცვის საშუალებას და სხვა ბენეფიტებს“, - განაცხადა რევაზ კარანაძემ.