მსოფლიო ბანკის საბჭომ თურქეთს შუა დერეფანში შემავალ და ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზასთან დაკავშირებულ დივრიგი-ყარსის მონაკვეთის განვითარებისთვის 660 მლნ დოლარი გამოყო.
ამის შესახებ ბანკის განცხადებაში წერია, რასაც Report ავრცელებს.
დაფინანსება ელექტრო-სარკინიგზო ტრანსპორტის განვითარების ფარგლებში მოხდება.
მსოფლიო ბანკმა გადაწყვეტილება 5 დეკემბერს მიიღო. თანხა აღმოსავლეთ თურქეთში მდებარე დივრიგი-ყარსის მონაკვეთის სარკინიგზო კომუნიკაციების გაუმჯობესებას მოხმარდება.
კერძოდ, პროექტი ითვალისწინებს დიზელის მატარებლების ელექტრომატარებლებით ჩანაცვლებას, ასევე, საქართველოს საზღვარზე მდებარე ყარსსა და სივასის პროვინციის ქალაქ დივრიგს შორის 660-კილომეტრიანი სარკინიგზო მონაკვეთის სრულ ელექტრიფიკაციასა და მოდერნიზაციას.
პროექტი თურქეთის ოთხ პროვინციას, სივასს, ერზინჯანს, ერზურუმსა და ყარსს ერთმანეთთან დააკავშირებს და მარშრუტის გასწვრივ, დაახლოებით, 600,000 მოსახლეს სარგებელს მოუტანს. ასევე, გათვალისწინებულია ადგილობრივი ბიზნესისა და სასოფლო-სამეურნეო საწარმოების მნიშვნელოვანი მხარდაჭერა.
მსოფლიო ბანკი წერს, რომ „პროექტის დასრულების შემდეგ შუა დერეფანში არსებული მთავარი შეფერხება აღმოფხვრება და სარკინიგზო ტვირთის გამტარუნარიანობა წელიწადში 750 ათასი ტონიდან, დაახლოებით, 20 მლნ ტონამდე გაიზრდება.”
ასევე, ბანკის გამოთვლით, პროექტი 2030 წლისთვის ნახშირბადის ემისიებს წელიწადში 72,332 ტონით შეამცირებს, ხოლო 2060 წლისთვის ეს მაჩვენებელი 245,835 ტონამდე გაიზრდება.
პროექტის ჯამური ღირებულება 800 მლნ დოლარია.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ