მეფუტკრე კოოპერატივებს სახელმწიფო სკებს გადასცემს

მეფუტკრეები, რომლებიც კოოპერატივში გაერთიანდებიან, სახელმწიფოსგან სულ მცირე 30 სკას თანადაფინანსებით მიიღებენ.

როგორც სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა, გიორგი მიშელაძემ bpn-ს განუცხადა, გადასაცემი სკების რაოდენობა კოოპერატივში არსებული სკების პროპორციულად განისაზღვრება. არსებული კანონმდებლობით, კოოპერატივის შესაქმნელად ბარში სულ მცირე 5 ფერმერი უნდა გაერთიანდეს, მთაში კი - 3.

"სკების გადაცემის გარდა, ჩვენი უწყება ფერმერებს ტექნიკურ დახმარებასაც უწევს და ფუტკრის მოვლის თანამედროვე ტექნოლოგიებს აცნობს. მეფუტკრეობით დღეს ბევრია დაკავებული, თუმცა, უმეტესობა თვითნასწავლია და მათი წარმოებული თაფლიც ხშირად უვნებლობის სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს", - განაცხადა გიორგი მიშელაძემ.

პროექტის ღირებულება, დაახლოებით 1 მილიონი ლარია.

ბელა ნოზაძე