ჟურნალისტები და ექიმები ხელშეუხებლები არიან, სიჩუმე დანაშაულის თანაზიარია, - ამის შესახებ ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს და ეხმაურება რუსთაველის გამზირის მიმდებარედ ტელეკომპანია "პირველის" ჟურნალისტსა და ოპერატორზე თავდასხმის ფაქტს.
მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
"ომის დროს ჟურნალისტები და ექიმები ხელშეუხებლები არიან!. ისინი სიცოცხლის გადარჩენასა და სიმართლის გავრცელებას ემსახურებიან.ამ პრინციპის უგულებელყოფა არა მხოლოდ ჰუმანურობას უპირისპირდება, არამედ კაცობრიობის საერთო ეთიკურ ფასეულობებსაც. დღეს, ამ რეალობაში, თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გავიხსენოთ ეს, რადგან სიჩუმე დანაშაულის თანაზიარია," - წერს ზამბახიძე.
„ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფს თავს ცოტა ხნის პირდაპირ ეთერში მუშაობისას დაესხნენ. დაშავებულია ჟურნალისტი მაკა ჩიხლაძე და ოპერატორი გიორგი შეწირული. მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ პირები, რომლებსაც ნიღბები ეკეთათ. ასევე მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ შენიღბული პირების მიერ ნაცემია რამდენიმე მოქალაქე, რომლებიც კლინიკაში არიან გადაყვანილი.