ევროპის საინვესტიციო ბანკი  საქართველოს 250 მილიონ ევროს გამოუყოფს

როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ bpn-ს განუცხადა, პირველად შეთანხმებას საქართველოს მთავრობამ საერთაშორისო დონორთან ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე მიაღწია.

მისი თქმით, პროექტი სოფლის მეურნეობაში ღირებულებათა ჯაჭვის, ანუ გადამამუშავებელი მრეწველობის გაძლიერებისა და განვითარებისკენ იქნება მიმართული, კონკრეტულად კი ბიზნესზე გრანტებისა და შეღავათიანი კრედიტების გაცემას ითვალისწინებს.

„ძირითადი ბენეფიციარები მეღვინეობის, ასევე მებაღეობა-მეხილეობის სფეროებში მოღვაწე კომპანიები იქნებიან. ექსპერტები შეისწავლიან ღირებულებათა ჯაჭვის კონკრეტულ ეტაპზე, რა მოცულობის თანხა არის საჭირო და დაფინანსების პირობებსაც იმის მიხედვით დაადგენენ“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

ნოდარ კერესელიძის თქმით, ეს პირველი პრეცედენტია, როდესაც EIB საქართველოში სოფლის მეურნეობის სექტორით დაინტერესდა.

„დონორთა მხარდაჭერა კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ჩვენს მიერ გატარებული სოფლის მეურნეობის პოლიტიკა წარმატებულია“, - განაცხადა მან.

ბელა ნოზაძე