„თხილის ინდუსტრიას სავალალო შედეგებამდე მიიყვანს“ - NUTSGE მთავრობის გადაწყვეტილებას ემიჯნება

ზუგდიდში მდებარე ქართული თხილის გადამამუშავებელი და ექსპორტიორი კომპანია NUTSGE ემიჯნება ხელისუფლების გადაწყვეტილებას, შეაჩეროს ევროკავშირთან მოლაპარაკების პროცესი 2028 წლამდე.

კომპანიის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირთან ურთიერთობის დროებითი კავშირის გაწყვეტა დააზიანებს როგორც თხილის ინდუსტრიას, ასევე უკან დახევს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას.

„კომპანია NUTSGE ემიჯნება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას - 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი და მიიჩნევს, რომ ევროკავშირთან ურთიერთობის თუნდაც დროებითი კავშირის გაწყვეტა, ხელს შეუშლის სახელმწიფოს პროდასავლურ განვითარებას, რაც თავის მხრივ დააზიანებს როგორც თხილის ინდუსტრიას, ასევე უკან დახევს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას.

კომპანია NUTSGE დაარსდა 2012 წელს. დაარსების დღიდან კომპანიაში დანერგილი არის ევრო რეგულაციებით გათვალისწინებული მთელი რიგი სტანდარტები, რაც პირდაპირ პროპორციული გახლავთ ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან სავაჭრო ურთიერთობისთვის.

2012 წლიდან დღემდე, ევროკავშირისა და აშშ-ს ინსტიტუციებთან ურთიერთობამ, ლომის წვლილი შეიტანა, რომ ევროპა გამხდარიყო NUTSGE-ის და ზოგადად თხილის ინდუსტრიის ევროკავშირში ინტეგრაციის ლოკომოტივი, თუნდაც ერთი თვით ევროკავშირთან ურთიერთობის შეფერხება თხილის ინდუსტრიას სავალალო შედეგებამდე მიიყვანს, განსაკუთრებით გადამამუშავებელ და ექსპორტიორ კომპანიებს.

სწორედ რომ, ევროკავშირი უზრუნველყოფს საქართველოში ეკონომიკის მდგრადობასა და განვითარებას, ასევე ევროკავშირისა და აშშ-ს სტრატეგიული მხარდაჭერის გარეშე, საქართველოს მომავალი მსოფლიო რუკაზე ძალიან ბუნდოვანია“, - აღნიშნულია განცხადებაში.

მერი ტაბატაძე