„ბიზნეს ურთიერთობები გართულებულია“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში FAS Group-ის დამფუძნებელი ნათია სხვიტარიძე წერს და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.
სხვიტარიძე წერს, რომ ბოლო კვარტალში კომპანიების 80%-ის შემოსავლები 25-დან 40%-მდე შემცირდა, ეს განსაკუთრებით ეხება ტურისტულ და მასთან დაკავშირებულ ბიზნესებს.
„საკითხი, რომელიც ჩემი კომპეტენციის ფარგლებშია, პასუხს ვაგებ თითოეულ სიტყვაზე და ციფრზე ეს არის ფინანსები, ბუღალტერია და აუდიტი. ორგანიზაციების ფინანსური ანალიზი ჩემი ყოველდღიური საქმეა. თუმცა რაზეც ვსაუბრობ არანაირი განსაკუთრებული ღრმა ცოდნა და მაგისტრის ხარისხები არ სჭირდება საერთაშორისო ფინანსებში.
ყველაზე მარტივი ენით რომ ავხსნათ:
ხვალვე რომ ია და ვარდი მოეფინოს ჩვენ ქვეყანას და ყველაზე მზიანი დღე გაუთენდეს, მაინც უმძიმეს ფინანსურ კრიზისში გავიღვიძებთ, რადგან უკვე ვართ საკმაოდ რთულ მოცემულობაში. გაზრდილ ფასებსა და გაუფასურებულ ლარზე არაფერს ვიტყვი, ყველა ისედაც საკუთარი ჯიბით გრძნობს.
მინდა ხაზი გავუსვა საერთაშორისო ორგანიზაციებისა, მათი წარმომადგენლებისა და უბრალოდ დამფუძნებლად უცხოელი ინვესტორების ქვეყნიდან გადინებას, რაც ივნისის მერე დაიწყო აქტიურად. ათობით და ასობით მაგალითი შემიძლია მოვიყვანო, როგორ მოჰკიდეს თავიანთ ბიზნესს ხელი, გაარიდეს აქაურ არაჯანსაღ და არეულ სიტუაციას და მარტივად გადაიტანეს სხვა ქვეყანაში.
ბიზნეს ურთიერთობები გართულებულია. გართულებულია ექსპორტი. ახლა შეიძლება გამოჩნდეს ვინმე ღვთისნიერ-გონიერი და იკითხოს აბა, სად შეიზღუდა ექსპორტი?! ამის საპასუხოდ FAS Group-ის მაგალითიც კმარა, პარტნიორი კომპანიები რომ არ დავიმოწმო.
წელიწადზე მეტი მიმდინარეობდა ჩვენი ფილიალის რეგისტრაცია.
ხაზგასმით - პირველი და ერთადერთი ქართული ორგანიზაცია რომელმაც ექსპორტზე გაიტანა ბუღალტრული და ფინანსური სერვისები და ფილიალი გახსნა ბერლინში.
ივნისის შემდეგ, დადებული კონტრაქტები დააპაუზეს და ბოლო მოვლენების გამო ბერლინის სავაჭრო პალატამ საქართველოს ფილიალის ნაცვლად, ადგილობრივ კომპანიად ოპერირება გვირჩია. ამ „საქართველოს ფილიალისთვის“ მოვიკალი თავი და უცებ აღმოჩნდა სრულიად ამაოდ.
რაც შეეხება ადგილობრივ ორგანიზაციებს, რომლებთანაც შეხება მაქვს, 80% კომპანიების შემოსავალი ბოლო კვარტალში 25-დან 40 %-მდე შემცირდა. ეს განსაკუთრებით ეხება ტურისტულ და მასთან დაკავშირებულ ბიზნესებს. საკონსულტაციო, სამშენებლო და მომსახურების სფეროს წარმომადგენლებს.
აქვე, ნუ დაგვავიწყდება ააიპ-ების შეჩერებული საგრანტო პროექტები.
და რადგან ხვალვე არ იგეგმება მზიანი დღის გათენება, რაც უფრო გვიან დალაგდება ქვეყანაში სიტუაცია, მით უფრო გაუარესდება მაჩვენებლები. ზემოაღნიშნულ ორგანიზაციებს (ვინც გადარჩება), მოუწევთ ხარჯების შემცირება და მინიმუმ თანამშრომლების განთავისუფლება, რაც კიდევ უფრო დაამძიმებს მოსახლეობის მდგომარეობას. ვისაც წასვლა შეუძლია, როგორც ფიზიკურად, ისე გონებრივად, დატოვებს ქვეყანას.
და ჩვენი პატარა, ლამაზი ქვეყანა, რომელსაც აღარც ადამიანური კაპიტალი ექნება, აღარც დასავლელი პარტნიორები, აღარც დონორების დახმარება, თამამად დაბრუნდება იმ სიბნელეში საიდანაც თავის დაღწევას მრავალი ათეული წელია ასე შეუპოვრად ცდილობდა/ვცდილობდით.
აქვე, ნუ დავივიწყებთ და პატივი მივაგოთ ორგანიზაციების იმ მცირე ნაწილს (და შესაბამისად ადამიანთა ძალიან მცირე დაჯგუფებებს), რომლებიც მიმდინარე მდგომარეობით „ხეირობს“. ვერ გაგრძელდება ეს დიდხანს, მათაც დასავლეთისკენ გაექცევათ თვალი, თუ უკვე გაქცეული არ აქვთ.
არავის არაფერს მოვუწოდებ. ყველამ ჩვენ გულში ჩავიხედოთ და მარტივი ფაქტები გავაანალიზოთ.
წავალ ახლა, დავდგები აქციაზე, გამოვხატავ მშვიდობიან პროტესტს იმ იმედით, რომ ყველაფერი მალე დასრულდება, სწორ რელსებზე დავბრუნდებით და ჩემს ქვეყანაში კარგი და სასარგებლო საქმეების გაკეთების საშუალება მომეცემა“, - წერს ნათია სხვიტარიძე.