სტრასბურგის სასამართლო კომპენსაციასთან დაკავშირებით საქართველოს პოზიციას რუსეთს მიმდინარე კვირას გააცნობს

სტრასბურგის სასამართლო კომპენსაციასთან დაკავშირებით საქართველოს პოზიციას რუსეთს მიმდინარე კვირას გააცნობს.

ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა "რუსთავი 2"-თან ინტერვიუში განაცხადა. წულუკიანი გამოეხმაურა რუსეთის იუსტიციის სამინისტროს განხადებას იმის თაობაზე, რომ საქართველოს მათთვის კომპენსაციის მოთხოვნით არ მიუმართავს და აღნიშნა, რომ სტრასბურგის სასამართლოს რეგლამენტის თანახმად, მხარეები ერთმანეთთან პროცედურის ამ ეტაპზე არ ურთიერთობენ და ეს ურთიერთობა ხდება მხოლოდ სასამართლოს გავლით.

"სასამართლო ადგენს ვადას, რა ვადაშიც მან უნდა მიიღოს დოკუმენტაცია. ამ ვადაში საქართველომ სტრასბურგის სასამართლოს გაუგზავნა თავისი მოთხოვნა. მოთხოვნა შეეხება რუსეთის მხრიდან 70 მილიონ 320 000 ევროს მოთხოვნას. სტრასბურგის სასამართლო, როგორც დღეს შეგვატყობინეს, ამ კვირაში და არა უფრო ადრე, გადააგზავნის ჩვენს წარდგენილ პოზიციას რუსეთის იუსტიციის სამინისტროში და მას მოსთხოვს კონტრარგუმენტებს ჩვენს მიერ წარდგენილ პოზიციაზე", - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

2014 წლის 3 ივლისს სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს სასარგებლოდ გამოიტანა ვერდიქტი სახელმწიფოთაშორის დავაზე "საქართველო რუსეთის წინააღმდეგ", რომელიც 2006 წელს რუსეთიდან ქართველების მასობრივ გაძევებას უკავშირდებოდა. სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთმა 2006 წელს დაარღვია ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი. შესაბამისად, რუსეთს აქვს სამართლებრივი ვალდებულება, კომპენსაცია გადაუხადოს საქართველოს მისი მოქალაქეების უფლებების დარღვევისთვის. კომპენსაციის ოდენობაზე შესათანხმებლად საქართველოს და რუსეთის იუსტიციის სამინისტროებს 12-თვიანი ვადა მიეცათ, რომელიც 2015 წლის 3 ივლისს ამოიწურა. ამ დროის განმავლობაში საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის პირდაპირი კომუნიკაციის დამყარება და შეთანხმება ვერ მოხერხდა, ვინაიდან იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის თქმით, საქართველოს არ აქვს რუსეთთან ოფიციალური ურთიერთობები. შესაბამისად, გადაწყვეტილების გამოცხადებიდან ორი თვის შემდეგ ქართულმა მხარემ მიმართა უშუალოდ სტრასბურგის სასამართლოს და შესთავაზა შუამავლობა აღნიშნულ საკითხში, რაზეც სტრასბურგის სასამართლოს პასუხი იყო, რომ სანამ კონსულტაციები გაიმართებოდა, კარგი იქნებოდა თუ მხარეები წარადგენდნენ თავიანთ პოზიციებს. საქართველომ შეიმუშავა ეს პოზიცია პრეცედენტულ სამართალზე დაყრდნობით და სავარაუდო კომპენსაციის ოდენობად 70 320 000 ევრო განსაზღვრა.