„ხიდი არსად“ რუსეთში და სტადიონები ბრაზილიაში - ძვირადღირებული პროექტები მსოფლიოში, რომლებიც ჩავარდა

სხვადასხვა მთავრობებს საკმაოდ ამბიციური პროექტების განხორციელება სურთ. ძირითადად მათი მიზანი ქვეყნის ეკონომიკაში ძლიერი ინვესტიციების განხორციელება და შემოსავლების გაუმჯობესებაა.

თუმცა, ზოგიერთი ასეთი ამიბიციური და ამასთანავე ძვირადღირებული პროექტი ვერ ხორციელდება. ამასთან, სახელმწიფოს საკმაოდ დიდი თანხა აქვს დახარჯული და ზარალიც იგემეს.

წარმოგიდგენთ ასეთ 5 პროექტს, რომელიც ჩავარდა:

b-1733663962.jpg

რუსული ხიდი, ვლადივოსტოკი, რუსეთი: 1.5 მილიარდი დოლარი

ამ ხიდს აღმოსავლეთ რუსეთში კრიტიკოსებმა უწოდეს "ხიდი არსად". ხიდი ქალაქ ვლადივოსტოკს კუნძულთან, ყოფილ სამხედრო ზონასთან აკავშირებს, რომლის მოსახლეობა მშენებლობის დროს სულ რაღაც 5 300 ადამიანს შეადგენდა.

მსოფლიოში ყველაზე გრძელი ხიდი, სიგრძით - 1,104 მეტრი, სპეციალურად აშენდა 2012 წელს აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური საზოგადოების (APEC) ეკონომიკური სამიტისთვის, რომელიც კუნძულზე მხოლოდ ორ დღეს გაგრძელდა.

მისი მშენებლობა 1.1 მილიარდი დოლარი დაჯდა. (დღევანდელი კურსით 1.5 მილიარდი დოლარი).

ხიდს დღეში 50,000 მანქანის გატარება შეუძლია, თუმცა თითქმის სულ ცარიელია.

იყო მოლოდინი, რომ კუნძული ტურისტულ სამოთხედ უნდა ქცეულიყო. 2021 წლისთვის იქ 70 მილიონ დოლარიანი მეგა კომპლექსის მშენებლობაც იგეგმებოდა, თუმცა აქამდე არანაირი მშენებლობა არ დაწყებულა.

a-1733663941.jpg

მაიავატის პარკები და ქანდაკებები, ინდოეთი: 1.8 მილიარდი დოლარი

ინდოეთის უტარ პრადეშის შტატის მთავარმა მინისტრმა კუმარი მაიავატმა, 1990-იანი წლების ბოლოს და 2000-იანი წლების დასაწყისში, ხუთი პარკისა და ასობით მონუმენტური ქანდაკების შექმნისთვის 1.8 მილიარდი დოლარი დახარჯა.

მათ შორის იყო გამოჩენილი პოლიტიკოსების და თეთრი სპილოების მრავალი ქანდაკება, როგორც მისი პოლიტიკური პარტიის სიმბოლო.

თუმცა ინდოეთის გენერალურმა აუდიტორმა და ქვეყნის ეროვნული კონგრესის წევრებმა ის მკვეთრად გააკრიტიკეს. ბევრი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში, სადაც უამრავი ადამიანი სიღარიბეში ცხოვრობს, ამგვარი პროექტების განხორციელება უბრალოდ, ფულის ფლანგვაა.

2019 წლის თებერვალში უზენაესმა სასამართლომ მაიავატს სთხოვა დაებრუნებინა სახელმწიფო ფული, რომელიც სპილოებისა და ქანდაკებების შესაქმნელად გამოიყენა. პროკურორების მტკიცებით, ეს იყო გადასახადის გადამხდელების მიერ გადახდილი თანხა.

ქანდაკებეის და პარკების შესანარჩუნებლად ის კვლავ იბრძვის, თუმცა პროექტი ნამდვილად ვერ შედგა, რადგან მან სახელმწიფოს ძალიან მცირე შემოსავალი მოუტანა. პარკებს ცოტა ადამიანი სტუმრობს. 2023 წელს იქ შესვლის საფასურის გაზრდის შემდეგ კი ვიზიტორთა რაოდენობა კიდევ უფრო შემცირდა.

c-1733663998.jpg

სიუდად რეალის ცენტრალური აეროპორტი, ესპანეთი: 1 მილიარდი დოლარი

ესპანეთის ფინანსური კრიზისის სიმბოლო, აეროპორტი Ciudad Real Central 2008 წელს გაიხსნა და მისი ღირებულება 1 მილიარდი ევრო იყო. (დღევანდელი კურისთ 1.5 მილიარდი დოლარი).

ესპანეთის ტურისტული ადგილებიდან შორს მდებარე აეროპორტი, ჯერ კიდევ ჩრდილში დგას.

მიუხედავად იმისა, რომ აეროპორტს აქვს ყველაზე გრძელი ასაფრენი ბილიკი ევროპაში და შეუძლია წელიწადში 10 მილიონამდე მგზავრის გატარება, ექსპლუატაციაში შესვლიდან პირველ წელს, მხოლოდ რამდენიმე ათასი ადამიანი ესტუმრა.

საბოლოოდ იქიდან ავიაკომპანიები გაიყვანეს, მფლობელი გაკოტრდა და აეროპორტმა ფუნქციონირება 2012 წელს შეწყვიტა.

2015 წლის ივლისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მილიარდი დოლარის ღირებულების აეროპორტი ბრიტანელ და აზიელ ინვესტორთა ჯგუფს მხოლოდ 10,000 ევროდ მიჰყიდეს.

2024 წლის ოქტომბერში მთავრობამ გამოაცხადა, რომ აეროპორტი გადაიქცევა მიგრანტების მიმღებ ცენტრად.

d-1733664028.jpg

ოლიმპიური სტადიონი, მონრეალი, კანადა: 1.5 მილიარდი დოლარი

მონრეალის ოლიმპიური სტადიონი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ “თეთრ სპილოდ“ ითვლება. მიუხედავად მისი უზარმაზარი ღირებულებისა, რომელიც 1.5 მლრდ დოლარი დაჯდა, პრობლემების გამო, სტადიონი დღემდე არ დასრულებულა.

2006 წელს სტადიონისა და მიმდებარე პარკის ღირებულება შეფასდა 1.47 მილიარდ დოლარად, რაც დღევანდელ ფულში 2.14 მილიარდი დოლარის ექვივალენტია.

მშენებლობები წლების განმავლობაში გაიწელა. თუმცა, 1999 წელს კონსტრუქციის ნაწილი ისევ ჩამოინგრა.

სტადიონს 2004 წლის შემდეგ არ ჰყოლია მუდმივი დამქირავებელი, რამაც საბოლოოდ გამოიწვია ის, რომ ადგილი გაუკაცრიელდა.

e-1733664076.jpg

ბრაზილიის მსოფლიო ჩემპიონატის სტადიონები: 4.8 მილიარდი დოლარი

სპორტული ღონისძიებებისთვის შექმნილი სპორტული კომპლექსების რაოდენობა საკმარისზე მეტია ბრაზილიაში. მთლიანობაში 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატიდან - დღემდე, აშენდა ან გარემონტდა 3.6 მილიარდი დოლარის ღირებულების 12 სტადიონი.

ტურნირიდან ათი წლის შემდეგ, ამ მაღალტექნოლოგიური ობიექტებიდან ბევრი რჩება მიტოვებულია. მაგალითად, მსოფლიო ჩემპიონატიდან სულ რაღაც ორი წლის შემდეგ, ეროვნული სტადიონი დედაქალაქ ბრაზილიაში, ავტობუსის სადგურად გამოიყენებოდა.

იმავდროულად, ქვეყნის სხვა სტადიონები, სადაც ჩემპიონატები იმართებოდა, კორუფციულ სკანდალებში გაეხვა. ამასთან, ბევრი მათგანი დიდი ფინანსური ზარალის საბადოა.

მეტიც, დიდწილად მიტოვებული სტადიონების მოვლა-პატრონობის ხარჯებს სახელმწიფო ხაზინა ფარავს. ბრაზილიური გაზეთის The Rio Times-ის მოხსენების თანახმად, მხოლოდ 2018 წელს 69 მილიონი დოლარი დაიხარჯა ქვეყნის მასშტაბით სტადიონების მოვლაზე.

წყარო: ovemoney.com

თეონა რამაზაშვილი