სამედიცინო ასოციაციების გაერთიანებაში აცხადებენ, რომ ქვეყანაში სამედიცინო პრაქტიკასთან დაკავშირებული საჩივრები „საგრძნობლად გაზრდილია“.
მათივე ცნობით, ამ კუთხით სექტორის მთავარ პრობლემად რჩება სამედიცინო შეცდომის კრიმინალიზაცია, რაც სამედიცინო შეცდომის გამოვლენასა და პრევენციას ხელს უშლის.
„ბიზნესპრესნიუსთან“ სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების ხელმძღვანელი არჩილ მორჩილაძე აღნიშნავს, რომ უნდა მოხდეს სამედიცინო შეცდომის დეკრიმინალიზაცია და სამედიცინო შეცდომა სამედიცინო დანაშაულისგან უნდა გაიმიჯნოს.
„უნდა მოხდეს სამედიცინო შეცდომის დეკრიმინალიზაცია. საქართველო არის იმ მცირე ქვეყნების რიგში, სადაც სამედიცინო შეცდომის შემთხვევაში შეიძლება ადამიანს სისხლის სამართლის საქმე აღუძრა. ვსაუბრობთ იმაზე, რომ სამედიცინო დაუდევრობა სამედიცინო შეცდომისგან უნდა გაიმიჯნოს, ვინაიდან სამედიცინო შეცდომის დამალვა არის უფრო დიდი დანაშაული.
სამედიცინო შეცდომა იმისთვის არის, რომ გამოსწორდეს - მედიცინა ამის გარეშე ვერ განვითარდება. თუ არსებული პრაქტიკა იქნება, ვერასდროს ვერ გადავდგამთ წინ ნაბიჯს. მე არ ვსაუბრობ დაუდევრობაზე, დაუდევრობა უნდა ისჯებოდეს და ამას აფასებს კლინიკური კომიტეტი და პროფესიული საბჭო. შემდეგ უკვე სასამართლო მსჯელობს ექიმის სასჯელის ფორმაზე“, - აღნიშნავს მორჩილაძე.
როგორც მანვე აღნიშნა, ექიმთა პროფესიული დაზღვევა უნდა იყოს სავალდებულო. შედეგად, დაზღვევა პაციენტისთვის მიყენებულ ზიანს დაფარავს, სამედიცინო შემთხვევა კი შესაბამისი ორგანიზაციების მიერ განიხილება.
„ყოფილა ისეთი შემთხვევები, როცა პროკურორი ამბობს, რომ პაციენტი დარჩა შემოსავლის გარეშე ან მარჩენალი გარდაეცვალა და ადგენს, რომ ექიმმა უნდა გადაიხადოს კომპენსაცია. ფინანსური საკითხი სხვა თემაა და ამას აგვარებს პროფესიული დაზღვევა. ჩვენი ერთ-ერთი მოთხოვნა არის, რომ ექიმთა პროფესიული დაზღვევა იყოს სავალდებულო. ფინანსური კუთხით ეს იქნება ექიმის დაცვის მექანიზმი“, - განაცხადა არჩილ მორჩილაძემ.