რუსეთში გლობალური ინტერნეტიდან გათიშვის წვრთნები გაიმართა

რუსეთში გლობალური ქსელიდან გათიშვის შემთხვევაში “რუნეტის” უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესამოწმებლად წვრთნები გაიმართა.

ინფორმაციას “როსკომნადზორის” პრესსამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, წვრთნები ქსელურ ოპერატორებთან ერთად ჩატარდა, რომ რუსული სეგმენტის გარედან ინტერნეტის მიზანმიმართული გათიშვის შემთხვევაში ძირითადი ჩანაცვლებითი ინფრასტრუქტურის ეფექტურობა დადგენილიყო.

ასევე, გამოვლინდა საინფორმაციო სისტემები, რომელთა მუშაობაც უცხოურ საკომუნიკაციო ქსელებში არსებულ სერვისებზე, ბიბლიოთეკებსა და სხვა რესურსებზე არის დამოკიდებული.

წვრთნები ყოველწლიურად „სუვერენული რუნეტის“ კანონის შესაბამისად ტარდება, რომლის მიზანიც გარე სამყაროსთან კავშირების გარეშე ინტერნეტის რუსული სეგმენტის „მზადყოფნის“ დადასტურებაა.

წვრთნები რუსეთის ფედერაციის, სულ მცირე, სამ რეგიონში, ჩეჩნეთში, დაღესტანსა და ინგუშეთში ჩატარდა, რადგან, მაგალითად, დაღესტანში, ადგილობრივი პროვაიდერების ცნობით, ინტერნეტთან და Telegram-თან წვდომის პრობლემაა, ასევე, Whatsapp-ი კარგად არ მუშაობს.

წვრთნები 6-7 დეკემბერს ჩატარდა და ინტერნეტი ამ პერიოდში გაფრთხილების გარეშე გაითიშა.

“სუვერენულ რუნეტზე” წვრთნების წინა რაუნდი 2023 წლის ივლისში გაიმართა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ