სახელმწიფო ბიუჯეტში დაგეგმილ ცვლილებებზე გარკვეული შენიშვნები სახელმწიფო აუდიტის სამსახურსაც აქვს

2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით სახელმწიფო აუდიტის სამსახურს შენიშვნები აქვს.

საბიუჯეტო ცვლილებების პროექტზე მომზადებული დასკვნა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს აუდიტის სამსახურის წარმომადგენელმა, ცოტნე ქარქაშაძემ გუშინ წარუდგინა. მისივე თქმით, იმის მიუხედავად, რომ ეკონომიკური ზრდა 5%-დან 2%-მდე მცირდება, მოგების გადასახადიდან მისაღები შემოსულობების ოდენობა 900-მილიონიდან 951-მილიონამდე იზრდება. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით, რამდენადაც მოგების გადასახადიდან მისაღები შემოსულობის ოდენობა დამოკიდებულია გასული წლის ეკონომიკურ ზრდაზე, საბიუჯეტო ცვლილების პროექტით მოგების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებლის ზრდის მიმართულებით დაკორექტირების საჭიროება, შესაძლებელია გათვალისწინებული ყოფილიყო 2015 წლის ბიუჯეტის დაგეგმვის ეტაპზე.

როგორც ცოტნე ქარქაშაძემ აღნიშნა, მოგების გადასახადის სახით მისაღები შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებლის დამატებითი დასაბუთების საჭიროებაზე ყურადღება აუდიტის სამსახურმა დეკემბერში, 2015 წლის ბიუჯეტის პროექტის მიღების დროსაც გაამახვილა. აუდიტის სამსახურის შეფასებით, სხვა შემოსავლების კუთხით, საყურადღებოა 2015 წლის მიმდინარე მდგომარეობით მისი ცალკეული კომპონენტების მობილიზების ტენდენციების მიმართება როგორც კვარტალურ, ისე წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტით განსაზღვრულ გეგმურ მაჩვენებლებთან. ქარქაშაძის თქმით, გაცილებით მეტია მობილიზებული, ვიდრე პროექტით არის დაგეგმილი. აუდიტის სამსახურის დასკვნაში ნათქვამია, რომ რენტის სახით 2015 წლის პირველი 5 თვის მდგომარეობით აკუმულირებულ იქნა 11 მლნ ლარი, მაშინ როცა მისი წლიური გეგმური მაჩვენებელი მხოლოდ 7 მლნ ლარს შეადგენს. ანალოგიურად, ნებაყოფლობით ტრანსფერების (გრანტების გარდა) მუხლით მობილიზებული საბიუჯეტო რესურსების ოდენობამ 5 თვის მდგომარეობით 6 მლნ ლარი შეადგინა და 4 მლნ ლარით გადააჭარბა მის წლიურ საპროგნოზო მაჩვენებელს. ამასთან, როგორც აუდიტის სამსახური აღნიშნავს, კანონპროექტზე თანდართულ განმარტებით ბარათში არაფერია ნათქვამი აღნიშნული შემოსავლების მობილიზების ტენდენციებთან დაკავშირებით. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით, მიზანშეწონილია, წარმოდგენილ საბიუჯეტო ცვლილებების პროექტში ასახული შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებლები ეფუძნებოდეს და ითვალისწინებდეს მიმდინარე წლის მობილიზების ტენდენციებს და ასახავდეს მოსალოდნელი შედეგების რეალისტურ სურათს.

პარლამენტში წარდგენილი პროექტით, სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების ჯამური მოცულობა 2015 წლის ბიუჯეტთან მიმართებაში უცვლელი რჩება და 9.575 მლნ ლარს შეადგენს. ცალკეული პროგრამებისა და ქვეპროგრამებისათვის 2015 წლის ბიუჯეტის კანონში ცვლილების პროექტით გათვალისწინებულია ასიგნებების მნიშვნელოვანი შემცირება, თუმცა როგორც აუდიტის სამსახური აცხადებს, აღნიშნული პროგრამების/ქვეპროგრამების მიზნები, მოსალოდნელი შედეგები და შედეგების შეფასების ინდიკატორებში ცვლილებები არ განხორციელებულა. შედეგად, აუდიტის სამსახურის შეფასებით, გაურკვეველია თუ კონკრეტულად რომელი ღონისძიებების შეჩერებას გამოიწვევს ასიგნებების აღნიშნული შემცირება და ბიუჯეტის კანონით გათვალისწინებული რომელი მოსალოდნელი შედეგები არ იქნება მიღწეული.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურს შენიშვნები სახელმწიფო ვალის ნაწილთან დაკავშირებითაც აქვს. 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით სახელმწიფო ვალის საპროგნოზო ზღვრული მოცულობა 11,808.6 მლნ ლარის ოდენობით განისაზღვრა, თუმცა ცვლილების პროექტით 1,971.2 მლნ ლარით იზრდება, რის შედეგადაც, საბიუჯეტო წლის ბოლოსათვის სახელმწიფო ვალის მოცულობამ არ უნდა 13,779.8 მლნ ლარს გადააჭარბოს. მშპ-ის მოსალოდნელ მაჩვენებელთან მიმართებაში სახელმწიფო ვალის წილი დაახლოებით 8 პროცენტული პუნქტით იზრდება და 44.9%-ს უტოლდება.

"საყურადღებოა, რომ მშპ-თან მიმართებაში სახელმწიფო ვალის აღნიშნული ზრდა დაახლოებით 5%-ით აჭარბებს საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური სტრატეგიით "საქართველო 2020" განსაზღვრულ ლიმიტს - 40%-ს. აღსანიშნავია, რომ 2014 წლის ბოლოს დაფიქსირებულ მაჩვენებელთან შედარებით, წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით, დაგეგმილია სახელმწიფო ვალის ნაშთის ზრდა 32.8%-ით, აღნიშნული კი, დაახლოებით 6-ჯერ აღემატება მოსალოდნელი ნომინალური მშპ-ის ზრდის ტემპს (5.1%). წარმოდგენილი კანონპროექტით, სახელმწიფო ვალის ზრდა ძირითადად განპირობებულია ეროვნული ვალუტის გაუფასურებით. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ იცვლება დაფინანსების სტრუქტურაც. კერძოდ, ერთი მხრივ, 100 მლნ ლარით მცირდება საშინაო ვალის მოცულობა, ხოლო მეორე მხრივ, 114 მლნ ლარით იზრდება საგარეო წყაროებიდან მისაღები კრედიტების ოდენობა. შედეგად, საბიუჯეტო წლის ბოლოსათვის საგარეო ვალის წილი სახელმწიფო ვალის პორტფელში 78%-მდე გაიზრდება", - ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნაში.