„ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ვატო სურგულაძე ჯანდაცვის მინისტრს მოუწოდებს, სასწრაფოდ მიაწოდოს ინფორმაცია ყველა სამედიცინო დაწესებულებას და მოსახლეობას, თუ რა ნივთიერებას შეიცავს ის საშუალებები, რომელსაც ხელისუფლება აქციის მონაწილეების დასაშლელად იყენებს.
მისი თქმით, ეს საჭიროა იმისთვის, რომ აქციების დარბევის დროს მოწამლული მოქალაქეების მკურნალობა ადეკვატური იყოს და მოქალაქეებს მომავალში რაიმე არ გაურთულდეთ.
„თითქმის ორი კვირაა საქართველოში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ამ 12 დღის განმავლობაში, ეგრეთწოდებული, ცრუ და ფსევდომთავრობა მომიტინგეების წინააღმდეგ მომწამვლელ ნივთიერებას, მგუდავ აირებს იყენებს. გასაგებია, რომ ევროპის ბევრ ქვეყანაში ეს მეთოდი გამოიყენება, მაგრამ იქ ცნობილია რომელი ნივთიერებები, რომელი აირებია გამოყენებული. ამიტომაც, ექიმებს, სამედიცინო პერსონალს მოწამლული მოქალაქეების მკურნალობა უადვილდება. როგორც საკრებულოს წევრმა, 8 დღის წინ ჯანდაცვის მინისტრს მივმართე, ჰქონდა თუ არა მას და სამედიცინო დაწესებულებებს ინფორმაცია, რა ტიპის ნივთიერებები გამოიყენება. პასუხი არ მიმიღია! ამას არ სჭირდება ჩემი მიმართვა, დე ფაქტო ჯანდაცვის სამინისტრო თავისი მინისტრით, 4 მოადგილით, თვითონ უნდა არკვევდეს და აძლევდეს ინფორმაციას როგორც მოსახლეობას, ასევე სამედიცინო დაწესებულებებს. რისთვის გვინდა ეს? იმისთვის, რომ აქციების დარბევის დროს მოწამლული მოქალაქეების მკურნალობა ადეკვატური იყოს, რომ დროულად მივიღოთ შედეგი და ჩვენს მოქალაქეებს მომავალში არ გაურთულდეთ. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ დე ფაქტო, ფსევდო ჯანდაცვის მინისტრს, რომელსაც, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ აქვს ძალაუფლება, სასწრაფოდ მიაწოდოს ინფორმაცია ყველა სამედიცინო დაწესებულებას და მოსახლეობას, რით გვწამლავს ვითომდა ხელისუფლება“,-განაცხადა სურგულაძემ.