ავსტრიაში “მოცარტის” შოკოლადის ქარხანა დაიხურა

კომპანია Salzburg Schokolade-მა თავის ზალცბურგის ქარხანაში “მოცარტის” შოკოლადების (Mirabell Mozartkugeln) ბოლო პარტია გამოუშვა.

ინფორმაციას DerStandard ავრცელებს.

ქარხნის დახურვის შესახებ ივნისში გახდა ცნობილი, თუმცა დეკემბრის დასაწყისამდე მაინც მუშაობდა. Mirabell-ის მფლობელ ამერიკულმა კომპანია Mondelez-მა წარმოების საზღვარგარეთ გადატანა გადაწყვიტა, თუმცა კონკრეტულ ადგილს კომპანია ჯერ არ ასახელებს.

Salzburg Schokolade-ის ქარხნის მმართველი დირექტორი, ფრიდრიხ პაილი აცხადებს, რომ აღჭურვილობის ნაწილი გაყიდულია, თუმცა თავად შენობას მყიდველი ჯერ არ გამოუჩნდა. ის, ასევე, განმარტავს, რომ მიმდინარე დეკემბერში კომპანიის თანამშრომლების უმრავლესობის სამუშაო კონტრაქტები სრულდება, თუმცა არიან ისეთებიც, რომელთა შრომითი ხელშეკრულებები 2025 წლის მარტამდე არის ძალაში.

Salzburg Schokolade-მა გაკოტრებაზე განაცხადი ჯერ კიდევ 2021 წელს წარადგინა. კრიზისის მთავარ მიზეზად კორონავირუსული პანდემია და მასთან დაკავშირებული ლოკდაუნი დასახელდა. კერძოდ, “მოცარტის” ტკბილეულის პოპულარობა ავსტრიაში ტურისტების რაოდენობის შემცირების გამო დაეცა, რომლებიც მას ხშირად სუვენირად ყიდულობდნენ. გაკოტრების განაცხადის შეტანისას კომპანიის ვალი 27,3 მლნ ევროს შეადგენდა, რაც მისი აქტივების ღირებულებას აღემატებოდა.

DerStandard-ის ცნობით, 2022 წლის თებერვალში შოკოლადის ქარხნის აქტივები რუმინულმა ჯგუფმა, KEX Confectionery-მ შეიძინა. თუმცა ინვესტორმა საწარმოს მდგომარეობა ვერ გააუმჯობესა და 2022 წლის დეკემბერში თანამშრომლების ნაწილი და წარმოება შეამცირა.

DerStandard წერს, რომ Salzburg Schokolade-ის მიერ წარმოებული “მოცარტის” კანფეტი ორიგინალური პროდუქტი არ არის, ხოლო ზუსტად იმავე ტკბილეულს, რომელიც მე-19 საუკუნის ბოლოს შეიქმნა, დღეს მხოლოდ მცირე ადგილობრივი საკონდიტრო აწარმოებს.

კანფეტები მარციპანისგან მზადდება, რასაც ფისტა, ნუგა და შოკოლადი ემატება.

ცნობისთვის: Salzburg Schokolade ზალცბურგში, 1897 წელს დაარსდა. ცნობილი შოკოლადის რეცეპტი ადგილობრივმა კონდიტერმა, პაულ ფურსტმა 1890 წელს შექმნა. კანფეტს მოცარტის პატივსაცემად სახელი იმიტომ დაერქვა, რომ კომპოზიტორი სწორედ ზალცბურგში დაიბადა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ