საქართველოში მასობრივი პროტესტის ფონზე, რაც "ოცნების" მიერ ევროკავშირთან დემარშის განცხადებას მოჰყვა, ლარმა ჯერ სწრაფად დაიწყო გაუფასურება, თუმცა შეჩერება მალევე მოხერხდა. ქვეყანაში კი არ წყდება პროტესტი, ბიზნესები ერთმანეთის მიყოლებით ავრცელებენ ევროკავშირის მხარდამჭერ განცხადებებს და უკვე დაიწყო გაფიცვებზე საუბარიც. ეს ყველაფერი რა გავლენას მოახდენს ქართულ ეკონომიკაზე, თუნდაც ახლო და საშუალოვადიან პერსპექტივაში და რა გათვლა შეიძლება ჰქონოდა "ოცნებას", როდესაც დემონსტრაციულად განაცხადა ევროკავშირში გაწევრების პროცესის შეწყვეტის შესახებ, ამ საკითხებზე აკადემიკოს ლადო პაპავას ვესაუბრეთ.
- ის, რაც დღეს საქართველოში ხდება, ნამდვილად შემაშფოთებელია. მძიმე ვითარებაა, პრეზიდენტით დაწყებული და იმ ოთხი ოპოზიციური პარტიით დამთავრებული, რომლებიც ჯერჯერობით არ შედიან პარლამენტში და არ აღიარებენ არჩევნების შედეგებს, ხელახალ არჩევნებს ითხოვენ. დასავლეთიდან ამ მოთხოვნას ძალიან ბევრმა დაუჭირა მხარი. სინამდვილეში კი ვითარება ჩვენ უნდა შევაფასოთ იქიდან გამომდინარე, თუ რას ითხოვს საქართველოს კონსტიტუცია, რათა ქვეყანა არ გავიდეს კონსტიტუციური ჩარჩოდან. ახლა რომ დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და ისევ "ქართულმა ოცნებამ" გაიმარჯვოს, შედეგები ისევ გაყალბებულად ჩაითვლება? ეს კითხვა რომ არ არსებობდეს, უნდა იყოს "ვიღაც" მაღალი დონის არბიტრი, ვინც რეალურად იტყვის, არჩევნები მართლა გაყალბდა თუ არა. ასეთ ინსტიტუტს გამოგონება არ სჭირდება - ეს ეუთო/ოდირია. როგორც წესი, ეს ორგანიზაცია აღიარებულია უმაღლეს ინსტანციად, ვინც აკვირდება არჩევნებს. მისი წარმომადგენლები აკვირდებიან არჩევნებს პრაქტიკულად მთელ მსოფლიოში, დაწყებული აშშ-დან. არცთუ დიდი ხნის წინ მათ ჩვენს საპარლამენტო არჩევნებზე პირველადი შეფასება გააკეთეს და ჯერჯერობით რა შეფასებაც არის და რაც საზოგადოებამ ვიცით, იქ არ წერია, რომ არჩევნები გაყალბებულია, არ წერია, რომ არჩევნები თავიდან უნდა დაინიშნოს. იქ საუბარია იმაზე, რომ არჩევნები კონკურენტულ გარემოში ჩატარდა, რომ არჩევნების დღის განმავლობაში, ძირითადად, იყო სიმშვიდე, ანუ პოზიტიური შეფასებებია და, იმავდროულად, ამ ფორმულირებით ეუთო/ოდირმა პრაქტიკულად აღიარა, რომ მთავრობა ლეგიტიმურია და მოსთხოვა, როცა დეტალური შეფასება გამოქვეყნდება, იქიდან უკვე შეიძლება რეკომენდაციების სახით დაგეხმაროთ, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ მომავალ არჩევნებზეო. თუ ეუთო/ოდირი არის უმაღლესი საერთაშორისო ინსტანცია არჩევნების შეფასებაში და მას არ მიაჩნია, რომ არჩევნები გაყალბდა, მაშინ რატომ უნდა ჩატარდეს ახალი არჩევნები? ასე ნებისმიერ დამარცხებულ პარტიას ყოველთვის შეუძლია თქვას არგუმენტების გარეშე, რომ არჩევნები გაყალბდა. ასევე ცუდ როლს თამაშობს ქალბატონი პრეზიდენტი, რადგან იმის გამო, რომ ის საფრანგეთის მოქალაქეც არის, აქვს ფრანგული და ამერიკული განათლება, მას ანგარიშს უწევენ და მიაჩნიათ, რადგან პრეზიდენტმა არ აღიარა არჩევნების შედეგები (თუმცა არავინ სთხოვდა, ეღიარებინა, რადგანაც ასეთი ფორმალური ვალდებულება არ არსებობს), მაინც იჯერებენ. დასავლეთში ბევრი აჩქარდა და ეს ახლა რეალურად გამოიკვეთა. ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა ახადა ფარდა ქალბატონ სალომეს ქმედებას, რომ ის პირდაპირ ითხოვს, არჩევნების შედეგები არ ვაღიაროთ, მაგრამ უნდა დაველოდოთ ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნას და ქართველების არჩევანს პატივი უნდა ვცეთო. ასეთ გაურკვეველ ვითარებაში არის ქვეყანა. ვინც დღეს არჩევნების გაყალბებაზე საუბრობს, არჩევნების წინ გაიძახოდა, ელექტრონული არჩევნები ამერიკული ტექნოლოგიით ტარდება და გაყალბება შეუძლებელიაო.
- ახლა ხომ არჩევნების გაყალბების გამო არ არის პროტესტი? ახლა აპროტესტებენ კონსტიტუციის დარღვევას, დასავლური კურსის ცვლილებას, ევროკავშირზე უარს. კობახიძის განცხადების მერე რეალობა ძალიან შეცვლილია...
- რა თქმა უნდა, ამ თემაზეც მოგახსენებთ ჩემს აზრს, თუმცა მანამდე კიდევ ერთხელ ხაზი უნდა გაესვას, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები ობიექტურად უნდა იყოს შეფასებული, იყო თუ არა არჩევნებში რამე დარღვევა, თუ იყო, რა გავლენა შეიძლებოდა ჰქონოდა საბოლოო შედეგებზე.
ახლა რაც შეეხება დღევანდელ სიტუაციას.
ნებისმიერი ძალადობა, ნებისმიერი ვანდალიზმი დასაგმობია და არ შეიძლება იქნეს წახალისებული.სამართალდამცავმა ორგანოებმა კანონის წინაშე პასუხი უნდა აგებინონ ყველას, ვინც ჩაიდინა ვანდალიზმი და განსაკუთრებით მათ, ვინც ჩაიდინა ძალადობა, იქნება ის საპროტესტო აქციის მონაწილე თუ პოლიციელი, რადგან პირველ რიგში პოლიციას ევალება კანონისა და წესრიგის დაცვა. ამიტომ ეს აუცილებლადაა გამოსაძიებელი.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ - აუცილებელია კონსტიტუციური ჩარჩოდან არ გავიდეს ქვეყანა.ჩვენი დამოუკიდებლობის ისტორიაში ქვეყანას მოუწია კონსტიტუციიდან გასვლამ და ეს ნამდვილად ძალიან ცუდი იყო. ამიტომ არჩევნები არის ერთ-ერთი მექანიზმი კონსტიტუციურ ჩარჩოში დარჩენის, თუმცა არჩევნების დანიშვნასაც აქვს თავისი კონსტიტუციური მექანიზმი! ამასთან, საზოგადოებას უნდა ჰქონდეს გარანტია, რომ მომავალში დამარცხებული პარტია არ იტყვის, არჩევნები გამიყალბეს და არ ვაღიარებ შედეგებსო. სწორედ ამისთვის არის აუცილებელი, რომ ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნას დაველოდოთ.
- თქვენც ფიქრობთ, რომ ახლა გამოსავალი რიგგარეშე არჩევნები იქნება?
- ახალი არჩევნების დანიშვნისთვის აუცილებელია დაველოდოთ ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნა იმის შესახებ, გაყალბდა თუ არა 26 ოქტომბრის არჩევნები. ახლა ქვეყანა უმძიმეს მდგომარეობაშია და ამ მდგომარეობიდან გამოსვლაა საჭირო.
კიდევ ერთი, რაზეც მინდა პოზიცია დავაფიქსირო - ჩემთვის და ძალიან ბევრი ჩვენი თანამოქალაქისთვის საქართველოს არჩევანი ერთმნიშვნელოვნად ევროპაა. ეს ისტორიული არჩევანია და ამაზე ეჭვი არ უნდა გაგვიჩნდეს. თუმცა არის არანაკლებ მნიშვნელოვანი შემდეგი პრობლემაც - გავუფრთხილდეთ ჩვენს ქვეყანას და განსაკუთრებით იმ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, რომელშიც დღეს არის მოქცეული ჩვენი რეგიონიც და მთლიანად მსოფლიოც. ტურბულენტობა საკმაოდ მაღალია და შესაძლებელია ძალიან სერიოზული შეცდომის დაშვება.
- ზუსტად ამ ვითარებაში რა საჭირო იყო ოფიციალური განცხადების გაკეთება, მით უმეტეს, რომ ვალდებულებებს ისედაც არ ასრულებენ და მაინც არავინ დაიწყებდა ჩვენთან მოლაპარაკებას?
- წარმოვადგენ რა აკადემიურ სფეროს, მთავრობასთან უშუალოდ დაკავშირებული არა ვარ, რის გამოც არ ვიცი, ეს განცხადება კონკრეტულად რა ინფორმაციის საფუძველზე გააკეთეს. ჩემთვის რომ ეკითხათ, გავაკეთოთ თუ არაო, იმ ინფორმაციის საფუძველზე, რაც ახლა მაქვს ხელთ, ასეთი განცხადების გაკეთებას ნამდვილად არ ვურჩევდი.
- ახლა თავს იმით იმართლებენ, ასოცირების შეთანხმებას შევასრულებთ და მზად ვიქნებითო. გასაგებია, რომ ასოცირების შეთანხმება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ხომ ვიცით, რომ ეს არ არის საკმარისი ევროკავშირის წევრობისთვის და მეორე, 2028 წელს რომც დაიწყონ მოლაპარაკებები, რაც დღევანდელი გადასახედიდან თავისთავად ძალიან არარეალისტურია, 2030 წელს როგორ გავწევრიანდებით, როდესაც გამოცდილება აჩვენებს, რომ მინიმუმ 7 წელი მაინც არის ამისთვის საჭირო. ამიტომ, თქვენი შეფასებით, "ოცნების" ეს განცხადებები რას ემსახურება?
- ჯერ ერთი, ასოცირების შეთანხმების სრულად შესრულება ლომის წილად განსაზღვრავს ევროკავშირში გაწევრიანება-არგაწევრიანების საკითხს. უფრო კონკრეტულად, გაწევრებაზე მოლაპარაკებების გახსნის შესაძლებლობას. ისიც გასათვალისწინებელია, რომ თავად ბრიუსელი აცხადებს, ევროკავშირის გაფართოება 2030 წლისთვისაა შესაძლებელიო. დანარჩენს რაც შეეხება, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საქართველოს ევროპულ არჩევანს ალტერნატივა არ გააჩნია. მე ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი, როგორც აკადემიური, ასევე ხელისუფლებაში ყოფნის წლები, სწორედ ამ მიზანს ვემსახურებოდი. ჩემი აშშ-ში გამოქვეყნებული ერთ-ერთი წიგნის სათაურია Becoming European. ამას იმიტომ ვუსვამ ხაზს, რომ ეს ჩემთვის პრინციპული საკითხია. ასევე აუცილებლად გავიმეორებ, რომ უნდა გავუფრთხილდეთ საქართველოს.
სახელმწიფო გადატრიალებები და რევოლუციები კარგის მომტანი არ იქნება!