თამაზ მეჭიაური ბიუჯეტში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის კორექტირების საჭიროებას ვერ ხედავს

საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური 2015 წლის ბიუჯეტში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის კორექტირების საჭიროებას ვერ ხედავს.

გუშინდელ შემაჯამებელ სხდომაზე კომიტეტმა საბიუჯეტო ცვლილებების პროექტს მხარი ისე დაუჭირა, რომ საკუთრივ პროექტთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოუთქვამთ. მათ კითხვები ეროვნულ ბანკთან ჰქონდათ, მის მიერ მომზადებულ დასკვნასთან დაკავშირებით. საბიუჯეტო ცვლილებებზე მოსაზრება მხოლოდ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ზურაბ ჯაფარიძემ დააფიქსირა.

როგორც  თამაზ მეჭიაურმა განაცხადა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს ბიუჯეტში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით შენიშვნები არ აქვს.  "ჩვენ თავს მოვუყრით ყველა კომიტეტის შენიშვნებს, თუ რაიმე არსებობს და მივართმევთ ბატონ პარლამენტის თავმჯდომარეს, რომელიც ამ ყველაფერს მთავრობას გადაუგზავნის. პარლამენტის თავმჯდომარე მთავრობას საბიუჯეტო ცვლილებების პროექტს ალბათ ხვალ - დღის ბოლომდე დაუბრუნებს. ასევე მივაწვდით, როგორც აუდიტის შენიშვნებს, ასევე ეროვნული ბანკის შენიშვნებს. სათუო საკითხია, რომ გაიზარდოს საგადასახდო შემოსავლები, რადგან ამის ერთი გზა გადასახადების გაზრდაა, რაც მყისიერად ვერ მოხდება. მეორე გზა ადმინისტრირებაა. მე, როგორც ერთი კონკრეტული დეპუტატი, წარმოდგენილ პროექტში რაიმე ისეთ მნიშვნელოვან ლაფსუსს ვერ ვხედავ, რომელიც მის უარყოფითად შეფასების საშუალებას შეიძლება იძლეოდეს. კომიტეტს შენიშვნები არ აქვს", - განაცხადა გუშინ თამაზ მეჭიაურმა.

პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, მთავრობამ პარლამენტს საბიუჯეტო ცვლილების პროექტის გადამუშავებული ვარიანტი დასკვნებისა და წინადადებების მიღებიდან ხუთ დღეში უნდა დაუბრუნოს უკან. ამის შემდეგ ბიუჯეტში დაგეგმილი ცვლილებები დასამტკიცებლად სესიაზე გავა.