ინდოელი მილიარდერების რაოდენობა გაორმაგდა, მათი ჯამური ქონება კი სამჯერ გაიზარდა

ინდოელი მილიარდერების ჯამური ქონება ბოლო 10 წლის განმავლობაში სამჯერ გაიზარდა. კერძოდ, მიმდინარე წლის აპრილის მდგომარეობით მათი ქონება 263%-ით, ანუ 905,6 მლრდ დოლარამდე იყო გაზრდილი.

ამის შესახებ უმსხვილესი შვეიცარიული ფინანსური ჰოლდინგური კომპანია UBS Group-ის ანგარიშში წერია.

ამასთან, 10 წელში ინდოელი მილიარდერების რაოდენობა გაორმაგდა და 300-ს მიაღწია. ქვეყანაში ამჟამად 108 ოფიციალურად რეგისტრირებული საოჯახო ბიზნესია, რომელთაგან თითოეულის კაპიტალი 1 მლრდ დოლარზე მეტია. ამ მაჩვენებლით ინდოეთი მსოფლიოში მესამე ქვეყანაა. საოჯახო ბიზნესმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ინდოეთის ეკონომიკურ ზრდაში და ქვეყნის ეკონომიკის ტრანსფორმირებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია.

UBS-ის შეფასებით, ინდოელი მილიარდერების რაოდენობის ზრდას მნიშვნელოვანი იმპულსი ისეთმა ფაქტორებმა შესძინა, როგორიც არის ურბანიზაცია, ინდუსტრიული საწარმოო სიმძლავრეების ზრდა და ინდოეთის გადასვლა მწვანე ენერგიაზე.

UBS პროგნოზირებს, რომ მომდევნო ათწლეულში ინდოეთში მილიარდერების რაოდენობის ზრდის ტრაექტორია ისეთივე ანალოგიით გაგრძელდება, როგორიც 2020 წლამდე ჩინეთში შეინიშნებოდა.

სარეიტინგო სააგენტო Hurun India-ს ბოლო მონაცემებით, აზიის ქალაქებს შორის მილიარდერების რაოდენობით ლიდერი დასავლეთ შტატ მაჰარაშტრაში მდებარე მეტროპოლია, მუმბაია. ამჟამად იქ 92 მილიარდერი ცხოვრობს, მაშინ, როცა ჩინეთის დედაქალაქში 91 მილიარდერია. გლობალურად მილიარდერების რაოდენობით მუმბაი ნიუ-იორკისა და ლონდონის შემდეგ მესამე ადგილზეა. ნიუ-იორკში 119, ლონდონში კი 97 მილიარდერი ცხოვრობს.

ინდოელებს მრავალმილიონიანი ქონება ენერგეტიკის, ფარმაცევტიკის სექტორებმა და უძრავი ქონების ბაზარმა მოუტანა.

მუმბაის უმდიდრეს მოქალაქეთა შორის პირველ ადგილზე ბიზნესმენი მუკეშ ამბანია, რომელიც ჰოლდინგ Reliance Industries-ის მფლობელია. ჰოლდინგი მთელი ინდოეთის მასშტაბით ენერგეტიკის, ნავთობქიმიის, ტექსტილის, ბუნებრივი რესურსების, საცალო ვაჭრობისა და ტელეკომუნიკაციების სფეროებში საქმიანობს.

„ოქროს“ სიაში, ასევე, შედის ინდუსტრიულ კონგლომერატ Adani Group-ის მფლობელი, გაუტამ ადანი, საკონსულტაციო IT-კომპანია HCL-ის მმართველი, შივ ნადარი, ვაქცინის მწარმოებელი შრატის ინსტიტუტის მფლობელი, საირუს პუნავალა და ფარმაცევტული კომპანია Sun Pharmaceuticals-ის მმართველი დირექტორი, დილიპ შანხვი.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ