ევროზონის ლიდერებმა საბერძნეთს წინადადებების წარდგენისთვის ვადა ხუთშაბათამდე მისცეს

ევროზონის ლიდერებმა საბერძნეთს ხუთშაბათამდე მისცეს ვადა იმისთვის, რომ ახალი წინადადებები წარადგინოს, რომლებიც მას კრედიტორებთან კონსენსუსის მიღწევაში დაეხმარება.

კვირას კი, "ბიბისის" ცნობით, საბერძნეთის კრიზისთან დაკავშირებით ევროკავშირის მორიგი სამიტი გაიმართება. გუშინ გამართული საგანგებო სამიტის დროს კი, ათენმა ახალი წინადადებები ვერ წარადგინა, ამიტომაც დამატებით შეხვედრა დაინიშნა. ამას გარდა, ევროზონის ლიდერებმა საბერძნეთს ულტიმატუმი წაუყენეს - ან იქნება კონსენსუსი, ან საბერძნეთისა და მისი ბანკების გაკოტრება გარდაუვალი იქნება. საბერძნეთის პრემიერმა, ალექსის ციპრასმა განაცხადა, რომ მას სურს სოციალურად სამართლიანი და ეკონომიკურად სიცოცხლისუნარიანი შეთანხმების მიღწევა დანარჩენ ევროპასთან. იგი დღეს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სტრასბურგში ევროპარლამენტში სიტყვით გამოვა.