ევროპელი ლიდერები საბერძნეთის კრიზისთან დაკავშირებით ბრიუსელში გამართულ სამიტს აფასებენ

ევროპელი ლიდერები საბერძნეთის კრიზისთან დაკავშირებით გუშინ ბრიუსელში გამართული სამიტის შედეგებს აფასებენ.

"ბიბისის" ცნობით, ევროპის საბჭოს პრეზიდენტის, დონალდ ტუსკის განცხადებით, ევროზონის ისტორიაში ახლა ყველაზე კრიტიკული პერიოდია.  საფრანგეთის პრეზიდენტის, ფრანსუა ოლანდის თქმით კი, "ეს არა მხოლოდ საბერძნეთის პრობლემაა, არამედ საკითხი ევროკავშირის მომავალს ეხება". გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა აღნიშნა, რომ საბერძნეთს სჭირდება ისეთი ახალი სავალო პროგრამა, რომელიც რამდენიმე წელზე იქნება გაწერილი და არ იქნება მოკლევადიანი.  განცხადება გააკეთა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ჟან-კლოდ იუნკერმაც. მისი თქმით, მას საბერძნეთის ევროზონიდან გასვლა არ სურს. ლიტვის პრეზიდენტის, დალია გრიბაუსკაიტეს თქმით კი, საბერძნეთის მთავრობამ პირობა დადო, რომ სამიტზე წარადგენდა წინადადებას. თუმცა, ეს ასე არ მოხდა. "საბერძნეთის ხელისუფლება სულ გაიძახის, რომ "ხვალ" გააკეთებს გასაკეთებელს", - აღნიშნა გრიბაუსკაიტემ.

გუშინ ბრიუსელში ევროკავშირის საგანგებო სამიტი გაიმართა, რა დროსაც საბერძნეთის პრემიერს, ალექსის ციპრასს კრედიტორებისთვის ახალი წინადადება უნდა წარედგინა.