2025 წელს რუსეთის ეკონომიკას გაზრდილი ინფლაცია, გამკაცრებული სანქციები და რუბლის გაუფასურების ახალი ტალღა ემუქრება.
ამის შესახებ რუსეთის უმსხვილესი სახელმწიფო ბანკის, “სბერბანკის” საინვესტიციო შვილობილი კომპანია SberCIB-ის პროგნოზში წერია.
კერძოდ, მომავალი წლის ბოლოსთვის დოლარის კურსი 115 რუბლამდე გაიზრდება, რაც, მიმდინარე დონესთან შედარებით, თითქმის, 16%-ით მეტია.
“სბერბანკის” ანალიტიკოსების შეფასებით, დევალვაციის შემდეგი რაუნდი ეკონომიკას გაზრდილი ინფლაციისა და ექსპორტის შემცირების გამო უქმნის საფრთხეს, რასაც დასავლეთის ახალი შეზღუდვები დაარტყამს.
კერძოდ, „შესაძლებელია, საბანკო სისტემაზე სანქციები გამკაცრდეს.“ ამასთან თუ ამჟამად ეკონომიკა ექსპორტიდან თვეში 35 მლრდ დოლარს გამოიმუშავებს, მომავალ წელს უცხოური ვალუტის ეს შედინება შესაძლოა, 5%-ით შემცირდეს.
ცენტრალური ბანკის მიერ ორი ათწლეულის რეკორდულ მაჩვენებლამდე გაზრდილი საპროცენტო განაკვეთის მიუხედავად, ინფლაცია, პრაქტიკულად, არ შენელდება. 2025 წლის ბოლოსთვის ინფლაცია მნიშვნელოვნად გადააჭარბებს ცენტრალური ბანკის მომავალი წლის 4,5–5%-იან პროგნოზს და 8% იქნება, ანუ ამჟამინდელ 9%-იან დონესთან ახლოს დარჩება.
ინფლაციის მიზეზები კვლავ იგივეა, ანუ რუსეთის ეკონომიკაში, საქონლისა და მომსახურების ზრდასთან შედარებით, მოთხოვნა ბევრად უფრო სწრაფად იზრდება. ამასთან, ჯერ კიდევ საკმაოდ რბილია საბიუჯეტო პოლიტიკა, ხოლო მაღალი განაკვეთების მიუხედავად, დაკრედიტების ძლიერი დინამიკა ფიქსირდება. ასევე, შრომის ბაზარზე დეფიციტი მატულობს, ხოლო საგარეო ვაჭრობის გადახდებთან და ლოგისტიკასთან დაკავშირებით ახალი სირთულეები ჩნდება. ეს ყველაფერი მაღალ, მდგრად ინფლაციას იწვევს.
“სბერბანკის” პროგნოზით, რუსეთის ცენტრალური ბანკი საკვანძო განაკვეთს დეკემბერში 23%-მდე, თებერვალში კი 25%-მდე გაზრდის და ამ დონეს 2025 წლის განმავლობაში შეინარჩუნებს.
„ინფლაცია იმაზე მაღალია, ვიდრე ცენტრალური ბანკი წლის ბოლოსთვის ელოდებოდა. ბანკის განახლებული პროგნოზით, მიმდინარე წლისთვის ინფლაციამ 8–8,5% უნდა შეადგინოს, თუმცა ოქტომბრისა და ნოემბრის მონაცემებით 9,5% იყო. ცხადია, ეს არის ძლიერი არგუმენტი ცენტრალური ბანკისთვის, რომ განაკვეთების ზრდის ციკლი არ შეწყვიტოს,“ - წერს “სბერბანკი.”
მოამზადა ლადო სულაბერიძემ