2025 წლის ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ჯამური მოცულობა 32 მილიარდ 400 მილიონი ლარია

2025 წლის ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი, ჯამურად, 32 მილიარდ 400 მილიონ ლარს შეადგენს, ბიუჯეტის პროექტის პირველად ვარიანტთან შედარებით, ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი გაზრდილია 1 მილიარდ 200 მილიონ ლარზე მეტით,- ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობითვე, 2025 წლის ბიუჯეტი დაგეგმილია შემდეგი მაკროეკონომიკური პარამეტრების მიხედვით: რეალური ეკონომიკური ზრდა 6,0%; მშპ-ის დეფლატორის პროგნოზი 3%; საშუალო ინფლაციის პროგნოზი მიმდინარე წელს მიზნობრივ მაჩვენებელზე მნიშვნელოვნად ნაკლებია და 1,0%-ს შეადგენს, ხოლო მომდევნო წელს დაუახლოვდება მიზნობრივ მაჩვენებელს; ნომინალური მშპ-ის პროგნოზი განსაზღვრულია 99 მილიარდ 239 მილიონი ლარის ოდენობით. ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი 9 700 დოლარს აჭარბებს; ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების წილი მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით 25,5%-ია, ხოლო ნომინალურ გამოხატულებაში შეადგენს 25 მილიარდ 305 მილიონ ლარს; ნაერთი ბიუჯეტის პრივატიზაციის საპროგნოზო მაჩვენებელი - 500 მილიონი ლარი; ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი - მთლიანი შიდა პროდუქტის 2,5%, ხოლო მთავრობის ვალის მაჩვენებელი 35,9%.