ვინ გახდება Time-ის “2024 წლის ადამიანი” - ჟურნალმა კანდიდატთა სია გამოაქვეყნა

ამერიკულმა ჟურნალ Time-მა “2024 წლის ადამიანის” კანდიდატთა სია გამოაქვეყნა, რომელთა შორისაც არჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, მისი მხარდამჭერი და მილიარდერი, ილონ მასკი და რუსი დისიდენტის, ალექსეი ნავალნის ქვრივი, იულია ნავალნაია არიან.

Time-ის ნომინანტთა სია 10 პირს მოიცავს:

კამალა ჰარისი - აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატი 5 ნოემბრამდე და მოქმედი ვიცეპრეზიდენტი. ის ჟურნალის გარეკანზე 2020 წელს ამერიკის ამჟამინდელ ლიდერ ჯო ბაიდენთან ერთად უკვე იყო.

ქეით მიდლტონი - უელსის პრინცესა, რომელიც დიდხანს ებრძოდა კიბოს და ქიმიოთერაპია მიმდინარე წლის სექტემბერში დაასრულა.

ილონ მასკი - ამერიკელი ბიზნესმენი, რომელსაც Time-მა „ინოვაციის ძრავა“ უწოდა. ჟურნალის ცნობით, მილიარდერმა წელს თავი გამოიჩინა პოლიტიკურ სფეროში, როცა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპს ღიად დაუჭირა მხარი.

იულია ნავალნაია - რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ცოლი, რომელიც იამალო-ნენეცის ოლქის კოლონიაში მიმდინარე წლის 16 თებერვალს გარდაიცვალა.

ბენიამინ ნეთანიაჰუ - ისრაელის პრემიერ-მინისტრი, რომელსაც ჟურნალ Time-მა “წლის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და საკამათო ლიდერი” უწოდა.

ჯერომ პაუელი - 2018 წლიდან აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის ხელმძღვანელი, რომელიც ეკონომიკაში მთავარ ფიგურად რჩება.

ჯო როგანი - პოდკასტ The Joe Rogan Experience-ის ცნობილი წამყვანი, რომელიც პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის აკრიტიკებს და აცხადებს, რომ უკრაინა თანამედროვეობას „მესამე მსოფლიო ომამდე მიიყვანს.“

კლაუდია შეინბაუმი - რომელმაც ისტორიული ნაბიჯი გადადგა და მექსიკის პირველი ქალი პრეზიდენტი გახდა.

დონალდ ტრამპი - რომლის გამარჯვებასაც Time-მა „ისტორიული“ უწოდა. ის აშშ-ის უხუცესი და, ამავე დროს, პირველი პრეზიდენტი იქნება, ვინც პოსტზე თაღლითობის 34-ვე ბრალდებით გასამართლების შემდეგ აირჩიეს.

მარკ ცუკერბერგი - The Times წერს, რომ ის მსოფლიოს ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიანად რჩება, რომელიც ტექნოლოგიურ ინდუსტრიაზე გავლენას განაგრძობს.

ცნობისთვის: 2022 წელს Times-ის "წლის ადამიანი" ვოლოდიმირ ზელენსკი გახდა, ხოლო 2023 წელს ეს ნომინაცია ამერიკელ მომღერალ ტეილორ სვიფტს მიენიჭა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ