სტიქიით დაზარალებულთა პირველი კატეგორიისთვის ზარალის ანაზღაურების მიზნით, შეთავაზებები დაიწყო

თბილისის მერიის ინფორმაციით, სტიქიით დაზარალებულთა პირველი კატეგორიისთვის ზარალის ანაზღაურების მიზნით, შეთავაზებები დაიწყო.

თბილისის მერიის ინფორმაციით, მერიის ქონების მართვის სააგენტოში 13-14 ივნისს სტიქიით დაზარალებულთა პირველი კატეგორიისთვის ზარალის ანაზღაურების მიზნით შეთავაზებები დაიწყო.  მერიის ინფორმაციით, მოსახლეობა, ვისი უძრავი ქონებაც სრულად განადგურდა ან აღდგენას არ ექვემდებარება, თანხას სულადობის ან უძრავი ქონების სტიქიამდე არსებული საბაზრო ღირებულების მიხედვით მიიღებს.

შეხვედრას თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს უფროსი კარლო ლაფერაძე და ვაკის რაიონის გამგებელი ლაშა აბაშიძე, ასევე ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეთვაზების პროცესში ჩართულები არიან ის ექსპერტები, რომლებმაც სტიქიის შემდეგ დაზარალებულთა უძრავის ქონება შეაფასეს.  მერიის განცხადებით, სტიქიით დაზარალებულები შეთავაზებას მომდევნო დღეებშიც მიიღებენ. შეხვედრები გაგრძელდება უძრავი ქონების გარეშე დარჩენილი ყველა დაზარალებულის დაკმაყოფილებამდე.

მერიის ინფორმაციით, 13-14 ივნისს სტიქიით დაზარალებულთათვის ზიანის ანაზღაურების წესი საკრებულომ 5 ივლისს დაამტკიცა. წესის მიხედვით, დაზარალებულები ორ კატეგორიად დაიყო. პირველ კატეგორიაში შედიან ოჯახები, რომელთა საცხოვრებელი სახლებიც აღდგენას არ ექვემდებარება, ხოლო მეორე კატეგორიაში - ოჯახები, რომელთა სახლების აღდგენაც შესაძლებელია. წესი ზარალის ანაზღაურების ორ ვარიანტს ითვალისწინებს. დაზარალებულებს შესაძლებლობა ეძლევათ, თავად აირჩიონ, თუ რომელი შეთავაზებით სურთ ზარალის ანაზღაურება. პირველი ვარიანტის მიხედვით, დაზარალებულ ოჯახს პირველ ეტაპზე მიეცემა სულადობის მიხედვით მისთვის განსაზღვრული ფართის ოდენობის თანხა, ხოლო მას შემდეგ, რაც დადასტურდება ოჯახის უძრავი ქონების განსახლების ზონაში მოხვედრა, თბილისის მერია მის უძრავ ქონებას სტიქიამდე არსებული საბაზრო ღირებულებით სრულად გამოისყიდის. ამ წესით სარგებლობის შემთხევაში, დადგენილია შემდეგი კრიტერიუმები: ერთი და ორწევრიანი ოჯახისთვის გაიცემა 45 კვ.მ-ის ფართის ადეკვატური თანხა, სამი და ოთხწევრიანი ოჯახისთვის - 65 კვ.მ ფართის ადეკვატური თანხა, ხუთი და ექვსწევრიანი ოჯახისთვის - 90 კვ.მ. ფართის ადეკვატური თანხა, ხოლო 7 და მეტწევრიანი ოჯახისთვის - 110 კვ.მ ფართის ადეკვატური თანხა.

"მოგვიანებით, ოჯახის განსახლების ზონაში მოხვედრის შემდგომ, მოხდება მისი უძრავი ქონების სტიქიამდე არსებული საბაზრო ღირებულებით გამოსყიდვა და უკვე გაცემული დახმარების სხვაობის შევსება. ზარალის ანაზღაურების წესის მეორე ვარიანტის მიხედვით, დაზარალებულ ოჯახს შეუძლია, პირდაპირ მიმართოს მუნიციპალიტეტს და თბილისის მერია მის უძრავ ქონებას საბაზრო ღირებულებით დაუყოვნებლივ გამოისყიდის", - აცხადებენ მერიაში.