ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროგრამების დასაფინანსებლად 2025 წელს ნაერთი ბიუჯეტით განსაზღვრულია 8 მილიარდ 670 მილიონ ლარზე მეტი, რაც მთლიანი ბიუჯეტის 26,7%-ია, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც დეპუტატები 2025 წლის ბიუჯეტს განიხილავენ.
მინისტრის თქმით, 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია 35 ლარით იზრდება და 450 ლარის ოდენობით განისაზღვრება. ამავე კატეგორიის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში 540 ლარს გაუტოლდება.
„70 წლამდე პირთა პენსია, სამთავრობო პროგრამის შესაბამისად, ასევე იზრდება 35 ლარით და განისაზღვრება 350 ლარის, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში - 420 ლარის ოდენობით;
შეზღუდული შესაძლებლობის პირთა სოციალური გასაცემელის ზრდა 35 ლარით;
ჯამში, სოციალური პროგრამების დაფინანსება შეადგენს 6 მილიარდ 650 მილიონ ლარზე მეტს;
ჯანდაცვის პროგრამების დასაფინანსებლად გამოყოფილია 2 მილიარდ ლარზე მეტი, მათ შორის, გათვალისწინებულია პირველადი ჯანდაცვის პერსონალის ხელფასების 10%-იანი ზრდა“,- განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.