2025 წელს ნაერთი ბიუჯეტიდან ინფრასტრუქტურის განვითარებაზე 8 მილიარდ ლარამდე მიიმართება

ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, 2025 წელს ნაერთი ბიუჯეტიდან ინფრასტრუქტურის განვითარებაზე 8 მილიარდ ლარამდე გამოიყოფა, რომელიც საგზაო, მუნიციპალური, წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის განვითარებას მოხმარდება.

ამის შესახებ მინისტრმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვის დროს განაცხადა.

მისივე შეფასებით, გამოყოფილი 8 მილიარდი ლარიდან, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურაზე მილიარდ ლარზე მეტი გამოიყოფა.

„საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე მიიმართება 1 მილიარდ 400 მილიონ ლარამდე, მათ შორის, ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობას მოხმარდება 900 მილიონ ლარამდე;

მუნიციპალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის გათვალისწინებულია 2 მილიარდ 600 მილიონ ლარამდე;

წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორის გაუმჯობესებაზე მიიმართება 500 მილიონ ლარზე მეტი, გარდა ამისა, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია 250 მილიონ ლარზე მეტს არსებული რესურსიდან მიმართავს ამავე სამუშაოებზე;

საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურაზე მიიმართება 1 მილიარდ ლარზე მეტი;

ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე გათვალისწინებულია 150,0 მილიონ ლარზე მეტი;

სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციაზე, სამთავრობო პროგრამის შესაბამისად, გამოყოფილია 200 მილიონი ლარი, მათ შორის, გათვალისწინებულია თბილისში ახალი საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის დაწყება“,- განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.