2022 წელს საჯარო მოხელეთა ანაზღაურების მარეგულირებელ კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, 2025 წელს საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთა ანაზღაურების 10%-იანი ზრდაა გათვალისწინებულია, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვის დროს განაცხადა.
მისი თქმით, თავდაცვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს და უსაფრთხოების სამსახურების დაფინანსებაზე, ჯამურად, 3 მილიარდ 350 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი, რაც ჯამური ბიუჯეტის 10%-ს აღემატება. გამოყოფილი თანხის ფარგლებში, პოლიციელებისა და ჯარისკაცების ხელფასების 10%-იანი ზრდა განხორციელდება.
მისივე თქმით, თავდაცვის ინფრასტრუქტურისა და შესაძლებლობების განვითარებისათვის 490 მლნ. ლარია გათვალისწინებული.
„მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, 2025 წელს გათვალისწინებულია 240 მილიონ ლარზე მეტი, ხოლო ინოვაციების ხელშეწყობის მიმართულებით გათვალისწინებულია 45 მილიონ ლარზე მეტი.
სოფლის მეურნეობის პროგრამების დაფინანსებისთვის გათვალისწინებულია 680 მლნ ლარზე მეტი.
გარემოს დაცვის პროგრამების დაფინანსებისთვის გამოყოფილია 245 მილიონ ლარზე მეტი;
კულტურისა და სპორტის დაფინანსებაზე ნაერთი ბიუჯეტიდან მიიმართება მილიარდ ლარზე მეტი, რომლის ფარგლებში მუნიციპალიტეტებში განხორციელდება ხელფასების 125-ლარიანი ზრდა“,- განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.