სურსათის სააგენტოსგან გმო პროდუქტების მასობრივ შემოწმებას ითხოვენ

სურსათის სავალდებულო მარკირების წესების გამკაცრებას შედეგი რეალურად არ მოჰყოლია. დახლებზე იმპორტირებული პროდუქცია კვლავ ნიშანდების გარეშე იყიდება. კონტროლის გამკაცრების მიუხედავად, სურსათის უვნებლობის სააგენტო სავაჭრო ობიექტების მასობრივ შემოწმებას არ გეგმავს.

როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, გენმოდიფიცირებული პროდუქტების სავალდებულო მარკირების საკითხი ძალაში პირველი ივლისიდან შევიდა. მაგრამ სამომხმარებლო ბაზარზე არაფერი შეცვლილა. სურსათის უვნებლობის სააგენტოს ხელმძღვანელის კახა სოხაძის ინფორმაციით, შარშან და წლეულს ლაბორატორიული კვლევისთვის 50-მდე ნიმუშია აღებული. რაც უნდა გასაკვირი იყოს, აქედან კანონდარღვევის არც ერთი შემთხვევა არ ფიქსირდება. "გენმოდიციფირებულ პროდუქტთან დაკავშირებით მოთხოვნა რამდენიმე წელია არსებობს. წესით, უნდა მოხდეს ერთი ნიმუშის აღება კონკრეტულ პარტიაზე, რომელიც საერთო წარმოდგენას მოგვცემს. ჩვენ გვაქვს სურსათის საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ აღებული ნუსხა, რითაც რისკის შემცველი პოდუქტები სახელდება. ამ ეტაპზე მოწმდება ბავშვთა კვება, რომლის პასუხიც ერთ კვირაში გახდება ცნობილი", - განუცხადა "რეზონანსს" კახა სოხაძემ.

სურსათის ეტიკეტზე სავალდებულო მარკირებასთან დაკავშირებულ პირობას მეწარმეები, უმეტეს შემთხვევაში, არ ასრულებენ. იშვიათად კი ამ ვალდებულების შესრულებას კანონით გათვალისწინებული პირობების გვერდის ავლით ცდილობენ. როგორც დეპუტატი გოგი თოფაძე განმარტავს, ნიშანდება არის შეუმჩნეველი, რაც ასევე კანონდარღვევაა. "მოქმედ კანონში სიტყვა-სიტყვით აღნიშნულია, რომ ნიშანდება მკაფიო უნდა იყოს. იმპორტიორები იმდენად გათავხედდნენ, რომ ცდილობენ, სურსათს წარწერა "გმო" წვრილი შრიფტით დააწერონ, რომ მომხმარებლისთვის შეუმჩნეველი დარჩეს. ცხადია, ნებისმიერი ასეთი შემთხვევა კანონდარღვევაა. წესით, კონტროლი უნდა იყოს მკაცრი და ნებისმიერ ასეთ ფაქტზე დაისაჯოს როგორც მწარმოებელი, ასევე სავაჭრო ობიექტი, რომელმაც ასეთი პროდუქტი გასაყიდად მიიღო", - განმარტავს თოფაძე.

ყველაზე საჩქაროა კანონის აღსრულების მაქსიმალურად გამკაცრება. დეპუტატის აზრით, ნებისმიერ დარღვევაზე უნდა დაჯარიმდეს როგორც მწარმოებელი, ასევე სავაჭრო ობიექტი, რომელიც ასეთი პროდუქტის რეალიზაციას ახდენს. "გენმოდიფიცირებული პროდუქტის მარკირებასთან დაკავშირებით კანონმდებლობა საკმაოდ მკაცრია, მაგრამ პრობლემაა აღსრულების მხრივ. პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს შესაბამისი სამსახურები ყურადღებას არ აქცევენ. წესით, კონტროლი უნდა იყოს მკაცრი და ნებისმიერ ასეთ ფაქტზე დაისაჯოს როგორც მწარმოებელი, ასევე სავაჭრო ობიექტი, რომელმაც ასეთი პროდუქტი გასაყიდად მიიღო", - განმარტავს თოფაძე.

გენმოდიფიცირებული პროდუქტის მარკირებასთან დაკავშირებული წესის დარღვევა საქართველოს კანონმდებლობით 5000-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს და განმეორების შემთხვევაში, ჯარიმა ორმაგდება. სურსათი, რომლის ეტიკეტზეც არ იქნება მითითებული "გმ" და ლაბორატორიული კვლევით დადასტურდება მასში გენმოდიფიცირებული ორგანიზმების არსებობა, იგი ექვემდებარება განადგურებას. თუკი ბიზნესოპერატორი არ შეასრულებს დაკისრებულ ვალდებულებას, სურსათის ეროვნული სააგენტო მას 10 000 ლარით დააჯარიმებს.

სურსათის შემადგენლობაში გენეტიკურად მოდიფიცირებული კომპონენტები თუკი საერთოდ მასის 0,9%-ზე მეტია, მაშინ ეტიკეტის მარცხენა ზედა კუთხეში უნდა იყოს მითითებული წარწერა "გმ". კანონის მიხედვით, ეს ნიშანდება მომხმარებლისთვის ადვილად აღქმადი და თვალსაჩინო უნდა იყოს. თუ სურსათის ეტიკეტირება შეუძლებელია, მაშინ თანმხლებ დოკუმენტაციაში უნდა იყოს მითითებული ინფორმაცია გენმოდიფიცირებულობის შესახებ.

გმო-ს მარკირებასთან დაკავშირებით კანონდარღვევის ფაქტებზე საუბრობს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძეც.

"ჩვენ ჩავატარეთ გამოკვლევა სუპერმარკეტებში და ჯერ არსად, არცერთ პროდუქტზე არ არის დატანილი "გმო", რასაც კანონი ითვალისწინებს. დანარჩენი სურსათის უვნებლობის სააგენტოს თემაა, მათ უნდა დაადგინონ, არის თუ არა მართლაც გენმოდიფიცირებული პროდუქცია. დარწმუნებული ვარ, ასეთი დახლებზე ძალიან ბევრია. უკვე 1-ლი ივლისიდან ბევრი კანონდარღვევაა", - აცხადებს იგი.

მომხმარებელთა უფლებადამცველების განცხადებით, მოსახლეობის უსაფრთხოების დასაცავად სურსათის ეროვნულ სააგენტოს გაცილებით მეტი მოეთხოვება. სურსათის სფეროს ექსპერტი ეთერ სარჯველაძე საუბრობს იმ ვალდებულებებზე, რომელიც მეწარმეებსა და ოფიციალურ სტრუქტურას აკისრიათ. "მეწარმეებს საკმარისი ვადა ჰქონდათ იმისთვის, რომ კანონის გამკაცრებას მომზადებული შეხვედროდნენ და ეტიკეტირების ნორმა ზედმიწევნით დაეცვათ. იმის დადგენა, რამდენად სრულდება ან არ სრულდება კანონი, სურსათის ეროვნული სააგენტოს პრეროგატივაა. ორივე მხარე ვალდებულია, საკუთარი მოვალეობა შეასრულოს. ერთმა (მეწარმემ) კანონი უნდა დაიცვას, ხოლო მეორემ - ბაზარი და მოსახლეობის უსაფრთხოება", - განმარტავს სარჯველაძე.

არასამთარვობო ორგანიზაცია "ეტიკის"  ხელმძღვანელი ამირან შენგელია ადასტურებს, რომ ობიექტების მასობრივი კონტროლი აუცილებელია. "საზღვარზე ბლომად შემოდის გმო პროუდქტი, მკაცრად უნდა კონტროლდებოდეს, ვინ იყენებს, სად მიდის? ვინ აკეთებს ან არ აკეთებს ასეთი პროდუქტის მარკირებას? ეს არ არის სიახლე. მეწარმეებმა წინასწარ იცოდნენ სავალდებულო მარკირების შესახებ და თუკი ვინმე კანონის გვერდის ავლას შეეცადა, უნდა დაისაჯოს. სურსათის ეროვნული სააგენტოს დანიშნულებაა, ნებისმიერ ასეთ ფაქტზე რეაგირებდეს. თუკი ინტენსიურ შემოწმებას არ მოახდენს, არაკეთილსინდისიერ მეწარმეებს ხელს არაფერი შეუშლით, რომ მოხმარებლის მოტყუება ჩვეული მეთოდით გააგრძელონ. კეთილი ინებონ და დაიცვან მოსახლეობის უსაფრთხოება, რომ ხალხი არჩევანში არ შეიზღუდოს", - აცხადებს ამირან შენგელია.

გავრცელებული ინფორმაციით, გენმოდიფიცირებული შეიძლება იყოს სოიო, კარტოფილი, ხორბალი, პომიდორი, ტკბილეული, განსაკუთრებით კი შოკოლადი. ასევე ძეხვეული, რძის ნაწარმი, საჭმელი ზეთი და სხვა.

მარი ჩიტაია

წყარო: გაზეთი "რეზონანსი"