სიგარეტზე, სიგარასა და სიგარილაზე აქციზის გადასახადი შესაძლოა, 20 თეთრით, ხოლო ე.წ. „აიქოსზე“ 15 თეთრით გაიზარდოს

„საგადასახადო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებებით, სიგარეტზე, სიგარასა და სიგარილაზე აქციზის გადასახადი 20 თეთრით, ხოლო ე.წ. „აიქოსზე“ 15 თეთრით გაიზრდება.

შესაბამის კანონპროექტს პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს.

„ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე გვაქვს ვალდებულება, რომ თამბაქოსთან მიმართებით დაწესებულ დირექტივებთან შესაბამისობაში მოვიყვანოთ კანონმდებლობა. 2016 წლის შემდეგ აქციზზე განაკვეთი არ შეცვლილა. [დაგეგმილი ცვლილებებით] თამბაქოს ნაწარმთან დაკავშირებული აქციზის განაკვეთი გაიზრდება 20 თეთრით. საუბარია: სიგარეტზე, სიგარასა და სიგარილაზე. ე.წ. „აიქოსთან“ დაკავშირებით, აქ გასახურებელი თამბაქო იგულისხმება, აქციზის განაკვეთი 15 თეთრით გაიზრდება, რაც მომხმარებელთა კლებაზე დადებით კონტექსტში აისახება. ამასთან, საგრძნობლად გაიზრდება ბიუჯეტში შენატანები“, -განაცხადა პარლამენტში, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, საკითხის მომხსენებელმა, დეპუტატმა ირაკლი ხელაძემ.