საქართველოს ეკონომიკური იზოლაცია უკვე ფაქტია - „ქართულმა ოცნებამ“ ჩვენი ქვეყანა უკვე საერთაშორისო ბიზნესისათვის პოსტსაბჭოთა ჩიხად აქცია, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ წევრმა თაზო დათუნაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, „აღარცერთი თავმოყვარე ინსტიტუციური ინვესტორი საქართველოსკენ აღარც იხედება, რადგან ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანა ეკონომიკურ ნაცრისფერ ზონად აქცია“.
„საქართველოს ეკონომიკური იზოლაცია უკვე ფაქტია, „ქართულმა ოცნებამ“ ჩვენი ქვეყანა უკვე საერთაშორისო ბიზნესისათვის პოსტსაბჭოთა ჩიხად აქცია.
2024 წლის III კვარტალში საქართველოში სულ 198 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 55%-ით ნაკლებია. ხოლო მთლიანად 2024 წლის 9 თვეში FDI 966 მილიონი დოლარი იყო, რაც წლიურად 40%-ით არის შემცირებული.
„საქსტატის“ ანგარიშის თანახმად, ინვესტიციების კლებაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ნიდერლანდებიდან შემომავალი საინვესტიციო ნაკადების 272 მილიონი დოლარით, ანუ 70%-ით შემცირებამ. ასევე განახევრებულია ინვესტიციები აშშ-დან. თურქეთიდან, ოფშორული ზონებიდან და სხვა ქვეყნებიდან, რომლებიდანაც წარსულში საქართველოში მნიშვნელოვანი საინვესტიციო ნაკადები შემოდიოდა. სანაცვლოდ 42%-ით არის გაზრდილი FDI-ის ნაკადები დიდი ბრიტანეთიდან, რაც ისევე ლონდონის საფონდო ბირჟაზე რეგისტრირებული ქართული კომპანიების ოპერაციებთან არის დაკავშირებული.
ინვესტირების უმსხვილესი წილი საქართველოში არსებული კომპანიების რეინვესტირებაზე მოდის. ნულოვანია ზრდა ინდუსტრიულ და ახალი ტექნოლოგიების სექტორში. რეინვესტირებაც ძირითადად ე.წ. ქომოდითი სერვისების და აზარტული თამაშების კომპანიებზე მოდის. აღარცერთი თავმოყვარე ინსტიტუციური ინვესტორი საქართველოსკენ აღარც იხედება, რადგან ივანიშვილმა ეს ქვეყანა აქცია ეკონომიკურ ნაცრისფერ ზონად, რომელშიც ჩვენი ყველა მაკროეკონომიკური მაჩვენებელი დღეს დგას რუსეთის სანქციების გვერდის ავლის მომსახურებაზე და ჩრდილოვან ეკონომიკაზე. ამ ტენდენციის გაგრძელებას ვხედავთ მეოთხე კვარტალშიც და მოლოდინები მეოთხე კვარტლისათვის არის სავალალო.
ამ ტენდენციის გაგრძელება, პირდაპირ გამოიწვევს ლარის მკვეთრ გაუფასურებას და ფასების ზრდას ჩვენი თანამოქალაქეებისთვის. რაც არც ისე კარგი ამბავია ამ წინასაახალწლო პერიოდისათვის“, - განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.