სათამაშო ბიზნესიდან მიღებული საშემოსავლო გადასახადი ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის გათანაბრდება - ცვლილება "საგადასახადო კოდექსში"

„საგადასახადო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებებით, სათამაშო ბიზნესიდან მიღებული საშემოსავლო გადასახადი ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის გათანაბრდება. შესაბამის კანონპროექტს პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს.

ამასთან, როგორც პარლამენტში, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, საკითხის მომხსენებელმა, დეპუტატმა ირაკლი ხელაძემ განაცხადა, ცვლილება და გაზრდილი გადასახადი არ შეეხება ონლაინ ტოტალიზატორებს.

კერძოდ, მისივე თქმით, საშემოსავლო გადასახადი ფიზიკური პირებისთვის 15%-ის ნაცვლად 20% იქნება, ხოლო იურიდიული პირებისთვის დივიდენდის 5%-იანი გადასახადი უქმდება და ნაცვლად 15%+5%-ისა მათ შემოსავლის 20%-ის გადახდა მოუწევთ.

„კანონპროექტი გულისხმობს დაბეგვრის ცვლილებას სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებით. დღეს მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით, ფიზიკური პირების შემთხვევაში სალონური სათამაშო აპარატების და სისტემურ-ელექტრონულ კაზინოებში თამაშობების ორგანიზების შედეგად მიღებული შემოსავალი იბეგრება 15%-ით, ხოლო იურიდიული პირების მხრიდან იგივე საქმიანობის განხორციელების შედეგად მიღებული მოგება იბეგრება 15%-ის ოდენობით. ოღონდ დამატებითი გარემოებაა, რომ დივიდენდის განაწილების შემთხვევაში იურიდიული პირები დამატებით იხდიან 5%-ს, ანუ ჯამში 15%+5%-ს. წარმოდგენილი ცვლილებით, იცვლება მხოლოდ გადასახადის განაკვეთები. კერძოდ: ფიზიკური პირის ანუ ინდ მეწარმის მიერ სალონური სათამაშო აპარატების და სისტემურ-ელექტრონულ კაზინოებში თამაშობების ორგანიზების შედეგად მიღებული შემოსავალი 15%-ის ნაცვლად დაიბეგრება 20%-ით. ცვლილება არ ეხება ონლაინ ტოტალიზატორებს. ხოლო იურიდიული პირის მხრიდან იგივე საქმიანობის განხორციელების შედეგად მიღებული მოგება 15%-ის ნაცვლად დაიბეგრება 20%-ით. ამასთან გაუქმდება დივიდენდის 5%-იანი გადასახადი. შესაბამისად ნაცვლად 15%+5%-ისა დაიბეგრებიან 20%-ით“, - განაცხადა პარლამენტში, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, საკითხის მომხსენებელმა, დეპუტატმა ირაკლი ხელაძემ.