უორენ ბაფეტმა ქველმოქმედებისთვის 2,8 მილიარდი დოლარი გაიღო

ამერიკელი მილიარდერის მიერ ქველმოქმედებისთვის გაღებულმა თანხამ საერთო ჯამში, 21 მილიარდ დოლარს გადააჭარბა

ამერიკელმა ინვესტორმა უორენ ბაფეტმა ხუთ საქველმოქმედო ორგანიზაციას 20,64 მილიონი აქცია გადასცა, რომელიც მის ჰოლდინგს Berkshire Hathaway-ს ეკუთვნის.

ჟურნალ ”ფორბსის” ინფორმაციით, აქციების ფასიდან გამომდინარე, უორენ ბაფეტის მიერ გაღებულმა საქველმოქმედო თანხამ 2,8 მილიარდი დოლარი შეადგინა. ამ მონაცემებით, დღეისთვის ამერიკელ მილიარდერს ქველმოქმედებაში საერთო ჯამში, 21  მილიარდ დოლარზე მეტი აქვს უკვე გაღებული.

აქციების დიდი ნაწილი ბილ და მილინდა გეიტსების საქველმოქმედო ფონდს, ნაწილი კი ბაფეტის ოჯახის წევრების მიერ დაფუძნებულ საქველმოქმედო ფონდებს გადაეცა.

რამდენიმე წლის წინ უორენ ბაფეტმა და ბილ გეიტსმა საფუძველი ჩაუყარეს ინიციატივას Giving Pledge, რომელიც მსოფლიოს ყველაზე მდიდარ ადამიანებს სთავაზობს, თავიანთი ქონება ქველმოქმედებისთვის გაიღონ.

”ფორბსის” ინფორმაციით, აქციების გაჩუქების შემდეგ, 84 წლის უორენ ბაფეტი მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგში მესამედან მეოთხე პოზიციაზე დაქვეითდა, მისი ქონება კი 64,5 მილიარდ დოლარამდე შემცირდა.