რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს საბჭომ აფხაზეთთან საქონლით ვაჭრობის შეღავათიანი რეჟიმის შესახებ შეთანხმების ოქმის რატიფიცირება გადადო, რომლითაც რუსეთიდან აფხაზეთში საექსპორტო გადასახადის გარეშე შესატანი პროდუქციის ნუსხა ფართოვდება.
ინფორმაციას “ინტერფაქსი” ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ სათათბიროში აფხაზეთისთვის ამ საშეღავათო დოკუმენტის განხილვა მას შემდეგ გადაიდო, რაც 3 დეკემბერს დე ფაქტო პარლამენტმა რუსეთთან “საინვესტიციო შეთანხმების” რატიფიცირება ჩააგდო.
სათათბიროში რატიფიკაციის განხილვა 11 დეკემბერს იყო დაგეგმილი.
ნოემბრის დასაწყისში რუსეთის მთავრობამ სახელმწიფო სათათბიროს სარატიფიკაციოდ წარუდგინა აფხაზეთთან სავაჭრო რეჟიმის შესახებ შეთანხმებაში შესატანი ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, მიმდინარე წლის 27 ივლისიდან 31 დეკემბრის ჩათვლით აფხაზეთში საექსპორტო გადასახადის გარეშე რუსეთიდან ექსპორტირებული საქონლის ნუსხა საგრძნობლად გაფართოვდა.
ამჟამად მოქმედი შეთანხმების მიხედვით, რუსეთი აფხაზეთიდან შეტანილ საქონელზე ბაჟს არ აწესებს, თავის მხრივ, რუსეთიდან შეტანილ საქონელზე გადასახადს არც აფხაზეთი იღებს. ამასთან, რუსეთიდან აფხაზეთში ბენზინის, დიზელის საწვავის, ბიტუმისა და პროპანის უბაჟო ექსპორტის მოცულობა ყოველწლიურად დგინდება. თუ საქონელი შეთანხმებულზე მეტი მოცულობით არის ექსპორტირებული, მაშინ რუსეთის საექსპორტო საბაჟო გადასახადის სტანდარტული განაკვეთი გამოიყენება.
რაც შეეხება წარდგენილ დოკუმენტს, მისი მიხედვით, დროებით, ანუ 2024 წლის 27 ივლისიდან 31 დეკემბრის ჩათვლით იმ საქონლის ჩამონათვალი ფართოვდება, რომელზეც რუსეთიდან აფხაზეთში ექსპორტის დროს გადასახადი არ მოქმედებს. სიას დაემატა თუთია და სპილენძი (ჯართის გარდა), ასევე, შავი ლითონებისგან, კერამიკისა და მინისგან დამზადებული პროდუქტები, ქსოვილები, ქიმიური ძაფები და ბოჭკოები, ნართი, ქაღალდი და მუყაო, კაუჩუკი, რეზინი, პლასტმასი, საპონი, ეთერზეთები, რიგი საკვები პროდუქტების და ცხოველთა საკვები. დოკუმენტში განმარტებულია, რომ ეს საქონელი აფხაზეთს შიდა მოხმარებისთვის უნდა მიეწოდოს.
დოკუმენტს გროზნოში, 2024 წლის 16 ივლისს მოეწერა ხელი.
ცნობისთვის: მოსკოვი ე.წ. საინვესტიციო დოკუმენტის რატიფიცირებას დაჟინებით მოითხოვს. მის ხელმოწერამდე კრემლმა 1-ლი სექტემბრიდან აფხაზეთის “ბიუჯეტის” დაფინანსება ჯერ შეაჩერა, ნოემბერში კი მთლიანად შეწყვიტა. “საინვესტიციო შეთანხმებას” 30 ოქტომბერს, მოსკოვში მოეწერა ხელი, რომლის რატიფიცირებაც აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტს უნდა მოეხდინა. თუმცა "პარლამენტმა“ რატიფიცირების საკითხი ჩააგდო. აფხაზური მხარე აცხადებს, რომ ხელშეკრულება რუსული “ოლიგარქიის ექსპანსიასა” და მათ მიერ აფხაზური აქტივების ხელში ჩაგდებას გამოიწვევს. თავის მხრივ, მოსკოვში აცხადებენ, რომ აფხაზეთის ე.წ. საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლებისთვის ხელფასებისა და სოციალური გადასახადების თანადაფინანსებას მას შემდეგ აღადგენს, რაც დე ფაქტო პარლამენტი “საინვესტიციო დოკუმენტის” რატიფიცირებას მოახდენს.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ