სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ გახსნილ ანგარიშზე 24 225 238 ლარი, 733 649 დოლარი და 64 762 ევროა ჩარიცხული

თბილისში 13-14 ივნისის სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ და დაზარალებულთა დასახმარებლად გახსნილ სპეციალურ ანგარიშებზე ამ დროისთვის 24 225 238 ლარია მობილიზებული.

ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 7 ივლისის, 18:00 საათის მდგომარეობით, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ და დაზარალებულთა დასახმარებლად შექმნილ სპეციალურ ანგარიშებზე ჩარიცხულია 24 225 238 ლარი, 733 649 დოლარი და 64 762 ევრო, მათ შორის, კერძო სექტორიდან და ფიზიკური პირებისგან შემოწირულობები შეადგენს - 10 071 579 ლარს, 733 649 დოლარს და 64 762 ევროს.

13-14 ივნისს დედაქალაქში მომხდარი სტიქიის შედეგად 19 ადამიანი დაიღუპა, 3 დაკარგულად ითვლება. არსებული ინფორმაციით, სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი 100 მილიონ ლარზე მეტია.