რომელი ბიზნესიდან აპირებს მთავრობა დამატებით 400 მილიონის ამოღებას

მთავრობა მომავალ წელს ბიუჯეტში დამატებით დაახლოებით, 400 მილიონის მობილიზებას, გარკვეული ბიზნესების ხარჯზე გეგმავს. საუბარია, გარკვეული ბიზნესების დამატებით დაბეგვრაზე, რაც თავისთავად გამოიწვევს საბიუჯეტო შემოსავლების ზრდას. თუმცა, მოსალოდნელია, რომ ბიზნესისთვის გადასახადის ზრდა შემდეგ მომსახურების თუ პროდუქტის გაძვირებასაც გამოიწვევს და ამ გაზრდილი საფასურის გადახდა საბოლოოდ მომხმარებელს მოუწევს.

რაც შეეხება ცვლილებებს სხვადასხვა ბიზნეს სექტორებისთვის, რამდენიმე საკანონმდებლო ცვლილება უკვე მომზადებულია და მე-11 მოწვევის პარლამენტში განხილვებიც დაიწყო. მათ შორის დაგეგმილია საგადასახადო კოდექსში ცვლილებების განხორციელება სათამაშო ბიზნესისა და სიგარეტზე აქციზის გაზრდის კუთხით.

კერძოდ, „საგადასახადო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებებით, სიგარეტზე, სიგარასა და სიგარილაზე აქციზის გადასახადი 20 თეთრით, ხოლო ე.წ. „აიქოსზე“ 15 თეთრით გაიზრდება.

ამასთან, „საგადასახადო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებებით, სათამაშო ბიზნესიდან მიღებული საშემოსავლო გადასახადი ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის გათანაბრდება. უფრო კონკრეტულად, მოქმედი რედაქციით, ფიზიკური პირების შემთხვევაში სალონური სათამაშო აპარატების და სისტემურ-ელექტრონულ კაზინოებში თამაშობების ორგანიზების შედეგად მიღებული შემოსავალი იბეგრება 15%-ით, ხოლო ცვლილების შემდეგ 20%-ის გადახდა მოუწევთ; რაც შეეხება იურიდიულ პირებს, მათ შემთხვევაში იგივე საქმიანობის განხორციელების შედეგად მიღებული მოგება დღეის მდგომარეობით, იბეგრება 15%-ის ოდენობით. ოღონდ დამატებითი გარემოებაა, რომ დივიდენდის განაწილების შემთხვევაში იურიდიული პირები დამატებით იხდიან 5%-ს, ანუ ჯამში 15%+5%-ს. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შემდეგ გაუქმდება დივიდენდის 5%-იანი გადასახადი და სალონური სათამაშო აპარატების და სისტემურ-ელექტრონულ კაზინოებში თამაშობების ორგანიზების შედეგად მიღებული მოგება დაიბეგრება 20%-ით.

როგორც საკანონმდებლო ორგანოში ამ ცვლილებების განხილვისას მომხსენებელმა ირაკლი ხელაძემ განაცხადა, საგადასახადო კოდექსში დაგეგმილი ამ ცვლილებებით ბიუჯეტში წლიურად დაახლოებით 200 მლნ ლარის მობილიზება მოხდება.

გარდა ამ ცვლილებებისა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა სამინისტრომ დღეს წარადგინა „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ მთავრობის დადგენილების ცვლილების საკითხიც. უფრო ზუსტად, მთავრობის ინიციატივის თანახმად, სამშენებლო სექტორში დასაქმებულთა ნაწილს შეღავათები გაუუქმდება. კერძოდ, თუ სამშენებლო კომპანია, სექტორში დასაქმებული პირი მომსახურებას გაუწევს ორგანიზაციას, საწარმოს ან მეწარმე ფიზიკურ პირს, ვეღარ შეძლებს მცირე მეწარმის სტატუსით სარგებლობას და შესაბამისად, 1%-ის ნაცვლად, 20%-ით დაიბეგრებიან. აღსანიშნავია, ისიც რომ სამშენებლო სფეროს წარმომადგენელ სუბიექტს არ შეეზღუდება ფიზიკურ პირებისთვის მომსახურება და ამ შემთხვევაში კვლავ შეეძლებათ მცირე მეწარმის სტატუსი მიიღონ და მხოლოდ 1%-იანი საშემოსავლო გადასახადით დაიბეგრებიან.

როგორც კომიტეტზე მოსმენისას, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ცვლილების თანახმად, ბიუჯეტში დამატებით, დაახლოებით 200 მლნ ლარი შევა წლიურად.

შესაბამისად, გამოდის, რომ ბიზნესის მხოლოდ ამ 3 დარგის დაბეგვრის გამკაცრებით, მთავრობა ბიუჯეტში დამატებით 400 მლნ ლარის აკუმულირებას გეგმავს. აღსანიშნავია, ისიც, რომ როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ გარკვეული ბიზნესის წარმომადგენლები საუბრობენ, მათთვის გადასახადის ზრდა, საბოლოოდ აისახება იმ პროდუქტსა თუ მომსახურებაზე რასაც ისინი სთავაზობენ მოქალაქეებს და მათ გაზრდილი საფასურის გადახდა მოუწევთ.

იხილეთ ასევე: ვინ ვეღარ ისარგებლებს მცირე მეწარმის სტატუსით - ცვლილება სამშენებლო სექტორში

სიგარეტზე, სიგარასა და სიგარილაზე აქციზის გადასახადი შესაძლოა, 20 თეთრით, ხოლო ე.წ. „აიქოსზე“ 15 თეთრით გაიზარდოს

სათამაშო ბიზნესიდან მიღებული საშემოსავლო გადასახადი ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის გათანაბრდება - ცვლილება "საგადასახადო კოდექსში"

თაია არდოტელი