„ქართული ოცნება“ - ემანუელ მაკრონს განემარტა, რომ საქართველო სამართლებრივი სახელმწიფოა და ყველა დამნაშავე კანონის შესაბამისად აგებს პასუხს

“ქართული ოცნება“ პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილსა და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შორის გამართულ სატელეფონო საუბართან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას ავრცელებს.

პარტიის ცნობით, საუბრისას საფრანგეთის პრეზიდენტმა მართლაც დასვა დაკავებულების გათავისუფლების საკითხი, თუმცა პარტიის საპატიო თავმჯდომარემ განუმარტა, რომ „საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო და ყველა დამნაშავე ჩადენილ დანაშაულზე კანონის მოთხოვნებისა და მტკიცებულების მაღალი სტანდარტის შესაბამისად აგებს პასუხს“.

ამასთან, „ქართული ოცნების“ განმარტებით, ივანიშვილმა აღნიშნა ისიც, რომ პოლიცია აქციის მონაწილეთა მასშტაბური ძალადობის წინააღმდეგ ევროპულზე მაღალი სტანდარტით მოქმედებდა.

„საფრანგეთის პრეზიდენტმა, საუბრისას, მართლაც დასვა დაკავებულების გათავისუფლების საკითხი. პარტიის საპატიო თავმჯდომარემ პრეზიდენტს ამ საკითხზე განუმარტა, რომ დაკავებულთა უმრავლესობა არის ადმინისტრაციული წესით დაკავებული და უახლოეს პერიოდში, ყველა მათგანი გათავისუფლდება. რაც შეეხება სისხლის სამართლის ბრალდებით დაკავებულ პირებს, მაკრონს განემარტა, რომ საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო და ყველა დამნაშავე ჩადენილ დანაშაულზე კანონის მოთხოვნებისა და მტკიცებულების მაღალი სტანდარტის შესაბამისად აგებს პასუხს. ბიძინა ივანიშვილმა საფრანგეთის პრეზიდენტს ასევე განუმარტა, რომ პოლიცია აქციის მონაწილეთა მასშტაბური ძალადობის წინააღმდეგ ევროპულზე მაღალი სტანდარტით მოქმედებდა. გარდა ამისა, პარტიის საპატიო თავმჯდომარემ საუბრისას აღნიშნა, რომ ცალკეულ გადაცდომებზე გამოძიება დაწყებულია და მიმდინარეობს“, - ნათქვამია „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ დამატებით ინფორმაციაში.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილსა და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შორის სატელეფონო საუბრის თაობაზე „ქართული ოცნებამ“ პირველი განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო, რომ საუბარი საფრანგეთის პრეზიდენტის ინიციატივით გაიმართა და ერთ საათს გაგრძელდა. აღნიშნულ განცხადებაში ასევე ნათქვამი იყო, რომ საუბარი საქართველოში შექმნილ ვითარებას შეეხო და მხარეები შეთანხმდნენ, რომ მომდევნო დღეებში კონტაქტი ისევ შედგება.

„საფრანგეთის პრეზიდენტის ინიციატივით, სატელეფონო საუბარი შედგა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილსა და ემანუელ მაკრონს შორის. მაკრონმა აღნიშნა, რომ წუხს საქართველოში შექმნილი ვითარების გამო და ამ ვითარების სრულად განმუხტვაში თავისი წვლილის შეტანის სურვილი გამოთქვა. თავის მხრივ, ბიძინა ივანიშვილმა საფრანგეთის პრეზიდენტს ინიციატივისათვის მადლობა გადაუხადა და ერთობლივი ძალისხმევის იდეას მიესალმა.

ივანიშვილი და მაკრონი შეთანხმდნენ, რომ მომდევნო დღეებში კვლავ შედგება კონტაქტი და შეფასდება მიღწეული პროგრესი. საუბარი ერთ საათს გაგრძელდა“, - ნათქვამია „ქართული ოცნების“ მიერ მანამდე გავრცელებულ ინფორმაციაში.