აფხაზეთში დენის მიწოდების გრაფიკი კიდევ ორი საათით მას შედეგ შემცირდა, რაც წყლის კრიტიკული დონის შედეგად ენგურჰესი ავტომატურად გაითიშა.
ახალი გრაფიკი დე ფაქტო სახელმწიფო კომპანია “ჩერნომორენერგომ” გამოაქვეყნა.
კერძოდ, თუ ავარიულ გათიშვამდე სადგური საათში 160 მეგავატამდე სიმძლავრეს აწარმოებდა, ტექნიკური ცვლილების გამო ამჟამინდელი მაქსიმალური სიმძლავრე 90 მეგავატი საათშია. ეს იმას ნიშნავს, რომ 9 დეკემბრიდან ამოქმედებული გრაფიკი, რომლის მიწოდებაც 4 სთ-სა და 40 წუთს შეადგენდა, ენგურჰესის მიერ გამომუშავებული სიმძლავრის კლების გამო 2 სთ-სა და 48 წუთამდე შემცირდა. ღამის, ანუ თბილისის დროით 22:00-იდან 08:00 საათამდე მიწოდების გრაფიკი უცვლელი რჩება.
ამდენად, დღისით აფხაზეთის მოსახლეობას დენი ორჯერ, მხოლოდ 1 სთ-ისა და 24 წუთის განმავლობაში, ხოლო ღამით 22:00-იდან 08:00 საათამდე მიეწოდება.
ცნობისთვის: 11 დეკემბერს, თბილისის დროით 4 საათისთვის აფხაზეთის მომარაგების ერთადერთმა სადგურმა, „ენგურჰესმა“ წყლის კრიტიკული დონის შედეგად მუშაობა შეაჩერა და ოკუპირებული რეგიონის მთელ ტერიტორიაზე ელექტროენერგია გაითიშა. მანამდე დე ფაქტო პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელი, ვალერი ბგანბა აცხადებდა, რომ ენგურჰესის კაშხალში წყალი ავარიულ დონეზე იყო, რადგან შედინება დაბალია და წამში მხოლოდ 40 კუბური მეტრს შეადგენდა, ამიტომ ენგურჰესი შესაძლოა, ნებისმიერ დროს გაჩერებულიყო. „ჩერნომორენერგოს“ 5 დეკემბრის მონაცემებით, კაშხალში წყალი ზღვის დონიდან 410 მეტრზე ნაკლები იყო, რაც კრიტიკულზე დაბალი დონეა.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ