„CO-ით ინტოქსიკაცია უფრო ხშირად ხდება ისეთ ბინებში, რომელსაც ე.წ მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯარა აქვს, ბინას ჰერმეტულად კეტავს,“ - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ „ყაზტრანსგაზ თბილისის“ დირექტორის ყოფილმა მოადგილემ სოსო სიმონიშვილმა განუცხადა.
ცნობისთვის, „თბილისი ენერჯის“ მონაცემებით, ნოემბრის ბოლოს, მხოლოდ 1 კვირის განმავლობაში თბილისში CO-ით 11 ადამიანის ინტოქსიკაცია მოხდა.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა უნდა გააკეთონ მოქალაქეებმა იმისთვის, რომ ინტოქსიკაცია თავიდან აიცილონ და ამის შესახებ სოსო სიმონიშვილს ვესაუბრეთ.
„არის მარტივი საშუალება იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ როგორც ინტოქსიკაცია, ასევე აფეთქება: ბინა უნდა გავანიავოთ; თუ სამზარეულოში გვაქვს სარკმელი, ოდნავ უნდა შევაღოთ; თუ არ გვაქვს, ფანჯარა მცირედით გავაღოთ, რათა ნამწვი აირები გარეთ გავიდეს და სუფთა ჰაერი შემოვიდეს.
მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯრის გაკეთების დროს, ხშირად ფულის დაზოგვის მიზნით, სარკმელს არ აკეთებენ, ასეთ შემთხვევაში ფანჯარა მაინც უნდა იყოს ოდნავ გამოღებული. ისმის კითხვა რატომ? როდესაც გაზის მომხმარებელი ხელსაწყო გაქვთ ჩართული, ეს ხელსაწყო მოიხმარს ჟანგბადს და ჩვენი კონკურენტია.
გარდა ამისა, ქმნის წნევებს შორის სხვაობას. წნევათა შორის სხვაობა როცა კრიტიკულ ზღვარს მიაღწევს, ნამწვი აირები გარეთ კი არ გადის, ოთახში ბრუნდება და ეს იწვევს CO-ით ინტოქსიკაციას. ყველაზე მარტივი გამოსავალი არის ის, რომ ჰერმეტულად არ დავხუროთ სახლი,“ - დასძინა მან.
როგორც სიმონიშვილმა აღნიშნა, გაზზე მომუშავე მოწყობილობები წელიწადში ორჯერ მაინც უნდა შემოწმდეს. გარდა ამისა, უნდა შემოწმდეს სავენტილაციო შახტები.
„გარდა ამისა, როცა გათბობის სეზონი იწყება წინასწარ უნდა მოვამზადოთ და ვნახოთ მუშაობს თუ არა ჩვენი სავენტილაციო შახტები, ხომ არ არის დაგმანული, შესაძლოა, მეზობელმა რემონტი გააკეთა და სავენტილაციო ჭა გააუქმა, ამიტომ ეს უნდა შეამოწმოთ.
ამას სჭირდება სპეციალისტი, მაგრამ არის საშუალება, რომ მოქალაქემ თავად შეამოწმოს. გადაბმის ადგილებში თხევადი საპონი უნდა წაუსვათ და თუ ბუშტი გაიბერა, ე.ი. გაზი ჟონავს. მსგავს შემთხვევაში უნდა გამოიძახოთ კომპანიის წარმომადგენელი,“ - განაცხადა სოსო სიმონიშვილმა.