ეროვნული ბანკიდან საზედამხედველო ფუნქციის გამოყოფის საკითხზე, არასამთავრობოთა წარმომადგენლებმა იანოშ ჰერმანს მიმართეს

არასამთავრობო ორგანიზაციების ერთი ნაწილი ეროვნული ბანკიდან საზედამხედველო ფუნქციის გამოყოფასთან დაკავშირებულ საკითხზე საქართველოში ევროკავშირის ელჩ იანოშ ჰერმანს წერილით მიმართავს.

წერილი, რომელსაც 15 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს ხელს, დღეს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ჩააბარეს.  ერთობლივ წერილში არასამთავრობო სექტორი პარლამენტის მიერ აღნიშნულ საკითხზე მომზადებული კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღების გამო შეშფოთებას გამოთქვამს და წერს, რომ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები შეასუსტებს და გააუარესებს საქართველოში საბანკო ზედამხედველობის დამოუკიდებლობას და ხარისხს.

ამასთან, წერილის ავტორები ხაზს უსვამენ, რომ აშფოთებთ კანონპროექტზე მუშაობის პროცესი, რადგან შიშობენ, რომ ის არღვევს საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს. მათი თქმით, ასოცირების დღის წესრიგის მიხედვით, კანონმდებლობა, რომელიც ეროვნულ ბანკს უკავშირდება, შეიძლება შეიცვალოს მხოლოდ ევროკავშირის ექსპერტებთან წინასწარი კონსულტაციების შემდეგ. აღნიშნულ კონტექსტში წერილის ავტორი არასამთავრობო ორგანიზაციები ევროკავშირის ელჩს სთხოვენ, მიაწოდოს ინფორმაცია, მონაწილეობდნენ თუ არა კონსულტაციებში საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელი ექსპერტები და ფაქტის დადასტურების შემთხვევაში გადასცეს ევროკავშირის ექსპერტების კონკრეტული სია.

"კანონპროექტის ერთ-ერთმა მხარდამჭერმა, საქართველოს პარლამენტის წევრმა ზურაბ ტყემალაძემ სატელევიზიო დებატების დროს აღნიშნა, რომ კონსულტაციებში მონაწილეობდნენ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელი ექსპერტები. მოგმართავთ თხოვნით, ოფიციალურად დაადასტუროთ ეს ფაქტი და მოგვაწოდოთ ევროკავშირის ექსპერტების სია, რომლებიც მონაწილეობდნენ კონსულტაციებში და ასევე, მსგავსი სამუშაო შეხვედრების კონკრეტული თარიღები", - ნათქვამია ევროკავშირის ელჩისადმი გაგზავნილ წერილში.

გარდა ამისა, წერილის ავტორები იანოშ ჰერმანს მიმართავენ თხოვნით, მკაფიოდ განმარტოს, საქართველოსთვის რა შედეგი შეიძლება დადგეს, თუკი დაირღვევა ასოცირების ხელშეკრულების ის ნაწილი, რომელიც ეროვნულ ბანკს უკავშირდება.

ევროკავშირის ელჩისადმი გაგზავნილ წერილს ხელს აწერს 15 არასამთავრობო ორგანიზაცია - ასოციაცია "მწვანე ტალღა", "ბალტიისა და შავი ზღვის ალიანსი – საქართველო", "ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი", "კვლევითი ჟურნალისტიკის და ადვოკატირების ცენტრი", "მედიის განვითარების ფონდი", "მომავლის ინიციატივა", "საზოგადოება და ბანკები", საინფორმაციო პორტალი – "ევროპა საქართველოსთვის", "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება", "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა", "საქართველოს რეფორმების ასოციაცია", "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი", სტუდია "მონიტორი", "ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი", "ხმა საქართველოდან", Georgianreview.ge, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტისა და აგრარული უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლების დეკანი გიგა ბედინეიშვილი.