სანქციები უკანასკნელი საშუალებაა. თუ ისინი საჭირო იქნება, მაშინ დაწესდება - ევროპარლამენტარი ტობიას კრემერი

სანქციები უკანასკნელი საშუალებაა, თუ ისინი საჭირო იქნება, მაშინ დაწესდება, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ტობიას კრემერმა (გერმანია) თბილისში ჟურნალისტებს განუცხადა.

გერმანელმა ევროპარლამენტარმა სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა.

„სანქციები უკანასკნელი საშუალებაა. თუ ისინი საჭირო იქნება, მაშინ დაწესდება, მაგრამ ვიმედოვნებთ, ამჟამინდელი ხელისუფლება მიხვდება, რომ სანქციების თავიდან აცილების საუკეთესო გზა ქართველი ხალხის ევროპული ნების შესრულებაა“, - განაცხადა ტობიას კრემერმა.

ამასთან, ევროპარლამენტარმა აღნიშნა, რომ საკუთარი მომავალი ქართველმა ხალხმა თავად უნდა განსაზღვროს.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ქართველებს საკუთარი ხმა ჰქონდეთ, რათა ქართველმა ხალხმა თავისი მომავალი განსაზღვროს. ჩვენთვის ეს ნათელია, როგორც ევროპელები ვამბობთ, რომ ევროპისკენ და თავისუფლებისკენ გზის კარი ქართველი ხალხისთვის ღია რჩება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ქართველმა ხალხმა თავად განსაზღვროს, სურს თუ არა ამ გზის გავლა, ამიტომ ჩვენ აქ ვართ, რათა ქართველებმა ამის გაკეთება თავად შეძლონ. თუ საქართველოში არსებობენ ძალები, რომლებიც ძირს უთხრიან ქართველი ხალხის შესაძლებლობას, რომ ეს გააკეთონ, თუ საქართველოში არიან ძალები, რომლებიც კონსტიტუციით დადგენილ დემოკრატიულ სტანდარტებს ძირს უთხრიან, მაშინ არსებობს სხვადასხვა ზომები, რათა ამის შესახებ ჩვენი პროტესტი გამოვხატოთ. მაგრამ ჩვენი გზავნილი ნათელია, ჩვენ ქართველი ხალხის მხარეს ვართ, ეს მათი გადაწყვეტილებაა და არა კრემლის ან მთავრობის ცალკეული წევრების. ქართველმა ხალხმა საკუთარი მომავალი თავად უნდა განსაზღვროს და ჩვენ ვხედავთ, თუ რა სურთ მათ“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.