აფხაზეთში კრიპტომაინინგთან საბრძოლველად ინტერნეტს ვერ თიშავენ

აფხაზეთის სატელეკომუნიკაციო ოპერატორები მაინინგთან ბრძოლის მიზნით ინტერნეტის გასათიშად მზად არ არიან, რადგან ისინი ფინანსურად მეტად დაზარალდებიან, ხოლო მოსახლეობა ქსელისთვის გადახდილი თანხის ანაზღაურებას მოითხოვს.

ამის შესახებ აფხაზეთის კავშირგაბმულობის, მასობრივი კომუნიკაციებისა და ციფრული განვითარების დე ფაქტო სახელმწიფო კომიტეტის განცხადებაში წერია.

“ქსელის გათიშვის შემთხვევაში ბანკომატების მუშაობა პარალიზდება, ასევე, ბენზინგასამართ სადგურებზე ხალხი საბანკო ბარათებით ვეღარ ისარგებლებს. ამასთან, აბონენტებმა, რომლებიც ინტერნეტის საფასურს ყოველთვიურად იხდიან, თავიანთი უფლებების შესახებ იციან და თანხის დაბრუნებას სასამართლოს გზით მოითხოვენ, რაც ოპერატორებს მძიმე ფინანსურ ტვირთად დააწვება,” - წერია განცხადებაში.

ამდენად, ენერგეტიკული მდგომარეობის ე.წ. საგანგებო რესპუბლიკური შტაბი ღამის საათებში ინტერნეტის დაგეგმილ გათიშვებს ვერ ასრულებს.

ცნობისთვის: 9 დეკემბერს ე.წ. რესპუბლიკური შტაბის სხდომაზე მისმა თავმჯდომარემ, დე ფაქტო პრემიერმინისტრობის მოვალეობის შემსრულებელ ვალერი ბგანბამ განაცხადა, რომ აფხაზეთში უკანონო კრიპტომაინინგის წინააღმდეგ საბრძოლველად 10 დეკემბრიდან ღამის საათებში ინტერნეტი გაითიშებოდა.

ამასთან, 9 დეკემბრიდან აფხაზეთში ენერგოკრიზისის გამო ელექტროენერგიის გათიშვის გრაფიკი გამკაცრდა და მიწოდება დღეში ჯერ 4 საათითა და 40 წუთამდე, ხოლო “ენგურჰესის” გუშინდელი ავარიული გათიშვის შემდეგ დამატებით 2 საათით შემცირდა. ამჟამად დღისით აფხაზეთის მოსახლეობას დენი ორჯერ, მხოლოდ 1 სთ-ისა და 24 წუთის განმავლობაში, ხოლო ღამით, თბილისის დროით 22:00-იდან 08:00 საათამდე მიეწოდება. დე ფაქტო ხელისუფლება ენერგეტიკული კრიზისის მთავარ მიზეზად კრიპტოვალუტის უკანონო მაინინგს ასახელებს.

ასევე, 1-ლი ნოემბრიდან აფხაზეთი დეფიციტის ნაწილობრივ დასაფარად ელექტროენერგიას რუსეთიდან ყიდულობს, რისი საფასურიც მხოლოდ 13 დეკემბრის ჩათვლით აქვს გადახდილი.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ