სტიქიის შედეგად დაზარალებულებისთვის დახმარების გაცემა დაიწყო

სტიქიის შედეგად დაზარალებულებისთვის დახმარების გაცემა დაიწყო. როგორც საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და სამოქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე გოჩა ბაბუნაშვილმა განაცხადა, სტიქიით დაზარალებული ყველა ადამიანის საკითხი ინდივიდუალურად იხილება. მისი თქმით, სტიქიით დაზარალებულებისთვის შეთავაზებულია ზიანის ანაზღაურების ორი ვარიანტი.

"სტიქიის შედეგად 35 ოჯახი უსახლკაროდ დარჩა, რომელთაც ფაქტობრივად, დაენგრათ სახლები. ისინი სახელმწიფოსგან მიიღებენ თანხობრივ დახმარებას და ამის გარდა, სულადობის მიხედვით გადაეცემათ საყოფაცხოვრებო ნივთების შესაძენად თანხა 8 ათასიდან 10 500 ლარამდე", - განაცხადა ბაბუნაშვილმა.

მისივე თქმით, მათ ვისაც ნაწილობრივ გაუნადგურდა საცხოვრებელი სახლები, მიმდინარეობს ექსპერტიზის ბიუროს მიერ მისი შესწავლა. "2 თვის განმავლობაში იმის შემდეგ, რაც დაზარალებული შეთანხმდება სახელმწიფოსთან, რომ მან უნდა მიიღოს თანხა, 2 თვის განმავლობაში მოძებნის ბინას და პლუს მიიღებს კომპენსაციას. სასტუმროში ქირის გადახდას სახელმწიფო შეწყვეტს მას შემდეგ, რაც ის უკვე დაკმაყოფილდება ბინით და კომპენსაციით", - განაცხადა ბაბუნაშვილმა.

რაც შეეხება დაუზღვეველ მანქანებს, რომლებიც სტიქიის შედეგად განადგურდა ურბანული კომისიის თავმჯდომარე ამბობს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით საკრებულოში მსჯელობენ. "ეს საკითხი აუცილებლად და ძალიან სწრაფად არის გადასაწყვეტი, დაახლოებით 60 მანქანამდეა ასეთი, არ არის დიდი რაოდენობა და ჩვენ შევეცდებით, რომ რაც შეიძლება მალე მოვახდინოთ ამ პირებისთვის კომპენსაციის გადახდა. გვესმის, რომ ბევრისთვის ეს საარსებო საშუალება იყო", - აღნიშნა ბაბუნაშვილმა.