Amazon-მა და Meta-მ ტრამპის ინაუგურაციის ფონდს 2 მლნ აშშ დოლარი გადაურიცხა

კომპანია Amazon-მა 1 მლნ აშშ დოლარი გადასცა ახლადარჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაციის ფონდს.

ამის შესახებ Associated Press იტყობინება.

აღნიშნული დონაცია მოხდა მას შემდეგ, რაც წინა დღეს იგივე განახორციელა Facebook-ისა და Instagram-ის მფლობელმა კომპანია Meta-მ. მარკ ცუკერბერგის კომპანიამ ტრამპის საინაუგურაციო ფონდს 1 მლნ დოლარი გადაურიცხა.

მანამდე, ტელეარხ CNBC-სთან საუბარისას ტრამპმა აღნიშნა, რომ იგი თეთრ სახლში ბრუნდება მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიების ხელმძღვანელებთან „მეტად თბილი ურთიერთობებით“ და აქვე დაამატა, რომ მომდევნო კვირას, Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი მასთან სტუმრობას გეგმავს, ისევე, როგორც ეს Meta-ს აღმასრულებელმა დირექტორმა მარკ ცუკერბერგმა განახორციელა.

ხაზგასასმელია, რომ წინა ვადით პრეზიდენტობის პერიოდში, დონალდ ტრამპს Amazon-თან და Facebook-თან არცთუ კარგი ურთიერთობები ჰქონდა, მაგრამ გასულ კვირას ბეზოსმა მომავალი ადმინისტრაციის მიმართ ოპტიმიზმი გამოთქვა. მან ახლადარჩეულ პრეზიდენტს უწოდა „უფრო მშვიდი და უფრო მოწესრიგებული, ვიდრე აქამდე იყო“.

როგორც ცნობილია, 1 მლნ აშშ დოლარის ფულადი შემოწირულობის გარდა, Amazon გეგმავს ასევე 1 მლნ აშშ დოლარის ღირებულების მომსახურების გაწევას ტრამპის ინაუგურაციისთვის, Prime Video-ზე გადაცემის ფორმით.

აღსანიშნავია, რომ ბეზოსი და ცუკერბერგი იყვნენ იმ ე.წ. Big Tech აღმასრულებელ დირექტორთა შორის, რომლებმაც ახლადარჩეულ პრეზიდენტს მალევე მიულოცეს არჩევნებში გამარჯვება, იმ ფონზე, რომ ბიზნესის წარმომადგენლები ცდილობენ წვდომისა და გავლენის მოპოვებას ტრამპის ახალ ადმინისტრაციაზე.

ავტორი: რატი ერისთავი