მიმდინარე წლის პირველ ცხრა თვეში, დაახლოებით, 1,1 მლრდ საერთაშორისო ტურისტი დაფიქსირდა, ხოლო გლობალური ტურიზმის სექტორი კვიდპანდემიამდელი დონის 98%-მდე აღდგა.
ამის შესახებ გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის (UNWTO) ანგარიშში წერია.
UNWTO-ის შეფასებით, „ეკონომიკური, გეოპოლიტიკური და კლიმატის გამოწვევების მიუხედავად, მოსალოდნელია, რომ ტურიზმის სექტორი ისტორიაში ყველაზე დიდი კრიზისიდან წლის ბოლომდე სრულად აღდგება.”
COVID-19-ის პანდემიიდან ოთხი წლის შემდეგ, რომელმაც საერთაშორისო მოგზაურობა შეაჩერა, მსოფლიოს უმეტეს რეგიონში იანვრიდან სექტემბრამდე 2019 წლის ანალოგიურ პერიოდზე მეტი საერთაშორისო მოგზაურობა დაფიქსირდა.
მიმდინარე წლის პირველ ცხრა თვეში საერთაშორისო მოგზაურობების მკვეთრი ზრდა ევროპაში ძლიერმა ტურისტულმა მოთხოვნამ, ასევე, მსოფლიოს მთავარ ბაზრებზე მდგრადმა მაჩვენებლებმა და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში მიმდინარე აღდგენამ განაპირობა. რიგ ქვეყნებში საერთაშორისო მოგზაურობას, ასევე, გაუმჯობესებულმა საჰაერო მიმოსვლამ და გამარტივებულმა სავიზო რეჟიმმა შეუწყო ხელი.
UNWTO-ს მონაცემებით, 2019 წელთან შედარებით მსოფლიო ტურიზმის შემოსავლებიც იზრდება. კერძოდ, ქვეყნებს შორის ტურიზმიდან ყველაზე მაღალი შემოსავალი იაპონიამ მიიღო, რაც 59%-ით გაიზარდა. დიდი ბრიტანეთის შემოსავალი 43%-ით, თურქეთის 41%-ით, ესპანეთის 36%-ით, საფრანგეთის 27%-ით, ხოლო იტალიის ტურიზმის შემოსავალი 26%-ით გაიზარდა.
ცნობისთვის: 2018 წლიდან გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილია, რომელიც მანამდე საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი იყო.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ