ადამიანის შრომითი უფლებების დაცვის მიმართულებით საკრებულოში მემორანდუმი გაფორმდა

თბილისის საკრებულოში, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიას და საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

საკრებულოს ინფორმაციით, მემორანდუმს ხელი მოაწერეს, საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის თავმჯდომარემ გულიკო ზუმბაძემ და საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ ირაკლი პეტრიაშვილმა. ხელმოწერის საზეიმო ცერემონიალს საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, კომისიის სამდივნოს თანამშრომლები, სხვადასხვა სფეროს პროფესიული კავშირების თავმჯდომარეები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

"საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა ჩვენს პრიორიტეტს წარმოადგენს. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება აქტიურად მუშაობს ადამიანის შრომითი უფლებების დაცვის მიმართულებით. ჩვენს შორის გამოიკვეთა საერთო მიზნები, ამოცანები და ხედვები. დარწმუნებული ვარ, მემორანდუმზე ხელმოწერით დაფიქსირებული თანამშრომლობა, ხელს შეუწყობს საერთო საკითხების ეფექტიანად გადაჭრას", - განაცხადა გულიკო ზუმბაძემ ხელმოწერის ცერემონიალის შემდეგ.

დოკუმენტის თანახმად, მხარეები იღებენ ვალდებულებას, ხელი შეუწყონ შრომითი ურთიერთობების სფეროში, ადამიანის უფლებების დაცვას, შრომითი კანონმდებლობით განსაზღვრული ეროვნული და საერთაშორისო ნორმების შესრულებას და სოციალური დიალოგის კულტურის დამკვიდრებას.