საბერძნეთში მომავალი წლიდან ტურისტული გადასახადი იზრდება

საბერძნეთში ტურისტული გადასახადები 2025 წლიდან საგრძნობლად გაიზრდება. კერძოდ, ტურისტები ახალი წლიდან დღიური გადასახადის სახით მოქმედი 0,5 ევროს ნაცვლად 2 ევროს, ხოლო პიკურ სეზონზე 1,5 ევროს ნაცვლად 8 ევროს გადაიხდიან.

ინფორმაციას “ევროპულსი” ავრცელებს.

ასევე, საკრუიზო გემების მგზავრები დამატებით 20 ევრომდე გადაიხდიან, რაც კრუიზის დანიშნულების ადგილის მიხედვით განისაზღვრება

მთავრობას ამით იმ ზარალის ანაზღაურება სურს, რასაც მთელი მსოფლიოდან ვიზიტორთა ნაკადი ისტორიულ ადგილებსა და ბუნებას აყენებს.

ამასთან, პოპულარულ კუნძულებზე, მიკონოსსა და სანტორინიზე მომავალი წლიდან საკრუიზო გემების რაოდენობაც შემცირდება.

ტურისტებს გადასახადი სასტუმროში განთავსებისთვისაც გაეზრდებათ, რაც დღე-ღამეში 15 ევროს შეადგენს.

ხელისუფლების ცნობით, საგადასახადო შემოსავლები ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, ნაწილი კი სტიქიური უბედურებებისგან დაზარალებული რეგიონების აღდგენასა და ტყეების გაშენებას მოხმარდება. როგორც ცნობილია, ქვეყანა წყალდიდობასა და ტყის ხანძრებს ხშირად აწყდება.

ცნობისთვის: საბერძნეთის ბანკის ანგარიშის თანახმად, ქვეყანამ გასულ წელს, თითქმის, 25 მლნ უცხოელი ტურისტი მიიღო, მაშინ, როცა მოსახლეობის მთლიანი რაოდენობა 10 მლნ ადამიანს შეადგენს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ