„ქუჩაში გაზის გაჟონვა პრობლემაა კომპანიისთვის, რადგან გაზი, რომელიც უნდა გაყიდულიყო, ჰაერში იკარგება“

„გაზი, რომელიც უნდა გაყიდულიყო, ჰაერში იკარგება,“ - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ „ყაზტრანსგაზ თბილისის“ დირექტორის ყოფილმა მოადგილემ სოსო სიმონიშვილმა ქალაქის ქუჩებში ქსელიდან გაზის გაჟონვაზე კომენტირებისას განაცხადა.

როგორც სიმონიშვილმა განმარტა, გაჟონვის შედეგად ქუჩაში წარმოქმნილი სუნი არასასიამოვნოა, თუმცა თუ გაზის „კატასტროფული გაჟონვა“ არ ხდება, მოქალაქეებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. მისი თქმით, აღნიშნული პრობლემაა გაზის მიმწოდებელი კომპანიისთვის, რადგან გასაყიდი ბუნებრივი აირი იკარგება.

„გაზის გაჟონვა, რა თქმა უნდა, პრობლემაა, თუმცა ასეთ შემთხვევებში უფრო მეტად პრობლემაა კომპანიისთვის, რადგან გაზი, რომელიც უნდა გაყიდულიყო, ჰაერში იკარგება. თუმცა, თუ კატასტროფულად არ ჟონავს გაზი, ეს მოქალაქეებისთვის პრობლემას არ ქმნის. იმ შემთხვევაში, თუ სერიოზული გაჟონვაა, ცხადია, არის აალების საფრთხე“, - დასძინა მან.

სიმონიშვილმა ისაუბრა აალების საფრთხეებზეც და აღნიშნა, რომ გაზის გაჟონვის შემდეგ აალების საფრთხე ძირითადად დახურულ სივრცეში არსებობს.

„გაზის შეფარდება ჰაერთან გარკვეულ კონცენტრაციას რომ მიაღწევს, მაშინ უბრალოდ ნაპერწკლითაც შესაძლოა, აფეთქდეს, აალდეს და მსხვერპლიც გამოიწვიოს. თუ ასეთ რამეს შეამჩნევენ მოქალაქეები, გაზის თანამშრომლები უნდა გამოიძახონ. ღია სივრცეში არ არის დიდი პრობლემა, მაგრამ სასიამოვნო არაა და უმჯობესია გაზის თანამშრომლები გამოვიძახოთ“, - განაცხადა სოსო სიმონიშვილმა.

მერი ტაბატაძე