„საქართველოს საინვესტიციო გარემო რთულ მდგომარეობაშია“, - ამის შესახებ აღნიშნულია Gnomon Wise-ის საინვესტიციო გარემოს კვლევაში.
ამასთანავე, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ტენდენცია კვლავ გაუარესდება, თუ ქვეყანას არ ექნება მკვეთრად განსაზღვრული საგარეო ვექტორი და გრძელვადიანი განვითარების პოლიტიკა.
„უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში, პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში ევროკავშირის ქვეყნები და გაერთიანებული სამეფო ჭარბობდა. რუსეთს მხოლოდ და მხოლოდ 4% ეჭირა, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, რომ რუსეთი ინვესტორი ქვეყანა არასდროს ყოფილა. თუნდაც მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ ე.წ. არგაღიზიანების პოლიტიკა აწარმოა და რუსეთზე დამოკიდებულება, ექსპორტ-იმპორტის კუთხით, მკვეთრად გაიზარდა. იმავეს თქმა შეიძლება ჩინეთზეც, რომლის ინვესტიციების წილი, 2014-2023 წლებში, კიდევ უფრო დაბალი, 3%-ია.
2024 წლის პირველ 9 თვეში ევროკავშირის წილი პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში 22%-მდეა შემცირებული, თუმცა შემცირებულია რუსეთის წილიც და ის მხოლოდ და მხოლოდ 1%-ს შეადგენს. ამას მარტივი ახსნა აქვს - რუსეთის ეკონომიკას სერიოზული პრობლემები აქვს, რაც შესაბამისად აისახება მის ნებისმიერ მაკროეკონომიკურ პარამეტრზე. 11%-მდეა გაზრდილი ინვესტიციების წილი იაპონიიდან, ხოლო 23%-მდე - გაერთიანებული სამეფოდან.
აღსანიშნავია, რომ შეიძლება გაერთიანებული სამეფოდან და ევროკავშირის ქვეყნებიდან შემოსული ინვესტიციები ხშირად მოცემული ქვეყნის ბიზნესის მიერ განხორციელებული ტრანზაქცია კი არ იყოს, არამედ უკავშირდებოდეს ე.წ. ოფშორული ზონებიდან საქართველოში რესურსების სხვადასხვა მიზნით გადმოტანას. აღსანიშნავია, რომ ბრიტანეთმა საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობები შეზღუდა და გააჩერა საქართველოს მთავრობის პროგრამული მხარდაჭერა, როგორიცაა საჯარო ადმინისტრაციის რეფორმის და შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო აპარატის მშვიდობის ფონდის დაფინანსება. იგივე გააკეთა შვედეთმაც და ურთიერთობა მკვეთრად გაუარესდა ყველა დასავლელ პარტნიორ ქვეყანასთან, რაც რა თქმა უნდა უარყოფით გავლენას იქონიებს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობაზე.
მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკური გადაწყვეტილებები საბაზრო პრინციპებთან შესაბამისი უნდა იყოს და არა - პოლიტიკურად მოტივირებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, ინვესტიციები ისევ ავტორიტარული ქვეყნებიდან პოლიტიკური დანიშნულებით შემოვა და ისიც - მცირე მასშტაბით, რადგან, როგორც ვნახეთ, რუსეთი და ჩინეთი, უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში, ინვესტორები არ ყოფილან და მათი ჯამური წილი 7%-ის ფარგლებშია“, - აღნიშნულია კვლევაში.