„ბაზრის 61.3%-ს იკავებენ“ - რომელია გაყიდვების მიხედვით 3 ლიდერი მარკეტი

2024 წელს სწრაფად მოძრავი სამომხმარებლო საქონლის (FMCG) ბაზრის ზომა 23.3 მლრდ ლარს მიაღწევს, რაც წლიურად 9.5%-იანი ზრდა იქნება. აღნიშნულია „გალთ ენდ თაგარტის“ კვლევაში.

კვლევის ავტორების შეფასებით, ზრდა განპირობებულია მოთხოვნის ზრდით, იქიდან გამომდინარე, რომ ფასი ეფექტი მინიმალური იყო. ამასთანავე, ბაზრის ზრდას წინ უძღოდა ქვეყნის მასშტაბით ქსელების გაფართოება.

„2024 წელს ბრენდული ქსელების 500 ახალი მაღაზია დაემატა ბაზარს და მაღაზიების რაოდენობამ 4,000-ს გადააჭარბა. ამასთან, გათანაბრდა თბილისსა და რეგიონებში ბრენდული მაღაზიების რაოდენობა, თუმცა ერთი მაღაზიის გაყიდვები თბილისში საშუალოდ დაახლოებით 30%-ით აღემატება რეგიონების მაჩვენებელს. კერძოდ, ბრენდული ქსელების ჯამურ შემოსავლებში თბილისის წილი 56.7%-ს შეადგენს“, - აღნიშნულია კვლევაში.

კვლევის თანახმად, წელს ბაზრის ახალი ლიდერი „დეილი ჯგუფი“ გახდა. „დეილი ჯგუფზე“ ბრენდული ქსელებზე შემოსავლის 27.6%, ხოლო მთლიანი ბაზრის 9.8% მოდის.

შეგახსენებთ, წელს „დეილი ჯგუფმა“ ბაზრის ტოპ 20-ეულში შემავალი რამდენიმე კომპანია გაერთიანდა. ერთი ჰოლდინგის ქვეშ გაერთიანდნენ შპს „ფუდმარტი“ (ბრენდებით „სპარი“, „იოლი“ და „კალათა“), შპს „დეილი“, შპს „გვირილა რითეილი“ („გვირილა“) და შპს „რითეილ ჯგუფი“ („მაგნიტი“). შედეგად, „დეილი ჰოლდინგი“ ფლობს 1 600-ზე მეტ მაღაზიას მთელი საქართველოს მასშტაბით.

გაყიდვების მიხედვით საცალო ვაჭრობის ბაზრის მოთამაშეებში ლიდერობენ:

  • „დეილი ჯგუფი“ - ქსელური ბაზრის 27.6%;
  • „ნიკორა“ - ქსელური ბაზრის 17%;
  • „2-ნაბიჯი“ - ქსელური ბაზრის 16.8%.

ჯამში ტოპ-3 კომპანია ორგანიზებული ბაზრის 61.3%-ს იკავებს, ხოლო დანარჩენი 38.7% მოდის შედარებით მცირე ზომის 40 ქსელურ მაღაზიაზე.

მერი ტაბატაძე